მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ყველა საქმიანობა და ნაბიჯი მიმართულია, რომ ქვეყანა მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გავაკეთოთ
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ყველა საქმიანობა და ნაბიჯი მიმართულია, რომ ქვეყანა მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადი გავაკეთოთ

ჩვენი ყველა საქმიანობა და ნაბიჯი მიმართულია, რომ გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლის დონე, ინფრასტრუქტურის განვითარება, სტანდარტები, პროდუქტების უსაფრთხოება და მივიყვანოთ ქვეყანა იმ დონემდე, რომ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი არ არის მხოლოდ წერილის შევსება და ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანა აკმაყოფილებდეს საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

„პირველი, რითაც გავხსენით ჩვენი პრეზენტაცია, არის ჩვენი სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში. ეს არის არა მხოლოდ ფასეულობები და არა მხოლოდ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, არამედ ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი. ეს არის ის არჩევანი და ის მიზანი, რომელიც კონსტიტუციაშიც არის ასახული, იმ კონსტიტუციაში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, განვაახლეთ. ყველა ჩვენი საქმიანობა და ნაბიჯი არის მიმართული, რომ გავზარდოთ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლის დონე, ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენი ქვეყნის განვითარება, სტანდარტები, პროდუქტების უსაფრთხოება, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, გავზარდოთ ჯანდაცვა, განათლება, მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ გავაკეთოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განაცხადი არ არის მხოლოდ წერილის შევსება, როდესაც ისმის კითხვა, რატომ ეს განაცხადი 2024 წელს? იმისთვის, რომ ეს განაცხადი იქნეს განხილული. ამისთვის არის საჭირო, რომ ქვეყანა აკმაყოფილებდეს იმ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და ევროპულ განვითარების დონეს, რომელიც ჩვენ მოგვცემს უკვე იმის უფლებას და იმის გარანტიას, რომ ჩვენი განაცხადი იქნეს სერიოზულად აღქმული“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.