მაია ცქიტიშვილი - ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უკვე უფრო მსხვილი ინვესტიციები
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უკვე უფრო მსხვილი ინვესტიციები

შარშან დავასრულეთ კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომელიც ხსნის ახალ სივრცეს. გაჩნდა კობის განვითარების შესაძლებლობა, გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც მანამდე ტურისტული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო იყო. გვაქვს მცირე პროექტებიც, როგორიც არის ბაკურიანში ინფრასტრუქტურის შექმნა, არსებული რეალობის გაუმჯობესება – საზოგადოებრივი პარკინგები, ვიზიტორთა ცენტრები. მალე ნიკორწმინდაშიც დასრულდება პატარა ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაც და სხვა,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სტუმრობისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბევრი და ფართო დიაპაზონის პროექტებს ახორციელებს. განსხვავებულია პროექტების ღირებულებაც -10 ათასი ლარიდან მილიარდ ლარამდე.

მისი თქმით, სამინისტროს საქმიანობა მიმართულია ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისკენ, რისთვისაც იგეგმება რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის წინაპირობაა.

„მაგალითისთვის ონში შენდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობა, რომელიც გახდება ეროვნული მუზეუმების ნაწილი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ონში უკვე ამის გამოც ჩავა ტურისტი. ასევე,დაანონსებული გვაქვს მესტიაში „ლაღამის უბნის“ რეაბილიტაციაც,”- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ასეთი ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა არა მხოლოდ მსხვილი ბიზენსისთვის არის საინტერესო, არამედ უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომელთაც ეძლევათ საშუალება, წამოიწყონ ახალი საქმიანობა, გახსნან საოჯახო სასტუმრო, პატარა მაღაზია, რომელიც სწორედ ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს.

მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საჯარო და კერძო პარტნიორობისთვის გათვლილ პროექტზეც, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება და რომელიც იძლევა საშუალებას უკვე არსებული ბიზნესისთვის, მათ შორის, წარმოებისა თუ სასტუმროსთვის დაიგეგმოს და განხორციელდეს ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი. ასეთი პროექტები ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოჰყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები.