მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ამოცანაა, როგორც მოსახლეობას, ისე უცხოელ პარტნიორებს ავუხსნათ საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობა
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ამოცანაა, როგორც მოსახლეობას, ისე უცხოელ პარტნიორებს ავუხსნათ საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ყოველთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს  ხელისუფლებამ 2012 წლიდან მოყოლებული, არაერთ არჩევნებზე დაამტკიცა, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესი უზრუნველყოფილია.

„და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, როგორც ჩვენს მოსახლეობას, ასევე, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ავუხსნათ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა. მათ შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოსაზრებებზე, რომლებიც ეხება კომენტარებს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შესაძლო შესუსტების შესახებ, ამათ, რა თქმა უნდა, ვუპასუხებდი იმას, რომ ჩვენ არაერთ არჩევნებზე დავამტკიცეთ, 2012 წლის შემდეგ, რომ   უკლებლივ ყველა არჩევნები, ყველა საარჩევნო პროცესი ტარდება სრულ შესაბამისობაში იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ჰქვია თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ არც 2020 წელს“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, ციქიტიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლა ვერ ხერხდება, ეს არ ნიშნავს, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, „ქართული ოცნების“ სურვილი იყო, 2020 წელსვე გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, რომელიც უფრო გახსნილი, შეიძლება ვთქვათ, შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი საარჩევნო სისტემის ლიბერალიზაციისკენ, ვერ ვიტყვით, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში, არ არის დემოკრატიული. ის, რომ 2020 წელს არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება მოგვიწევს, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიულობის მაჩვენებლებში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნები, ისევე როგორც ნებისმიერი არჩევნები, იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე, რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, მოსახლეობამ, თითოეულმა მოქალაქემ, იქნება ეს მთავრობის, თუ ოპოზიციის მხარდამჭერი,  თავისი არჩევანი დააფიქსიროს. ამის შედეგებს კი ჩვენ ვიხილავთ 2020 წლის არჩევნებზე“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.