მაია ცქიტიშვილი - ჩვენგან ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მთავარია, კონსორციუმმა შეძლოს ვალდებულებების შესრულება
მაია ცქიტიშვილი - ჩვენგან ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მთავარია, კონსორციუმმა შეძლოს ვალდებულებების შესრულება

ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მთლიანად საქართველოს მთავრობისთვის. სწორედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა ინტერესის გამოხატვა ამ პროექტზე 2014 წელს და გამარჯვებულად გამოვლინდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გახდა დიდი სატრანსპორტო ლოჯისტიკური პროექტის ნაწილი, რაც მთავრობის ნების გარეშე არ ხდება.

მისივე თქმით, მთავრობისგან ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მთავარია, კონსორციუმმა შეძლოს ვალდებულებების შესრულება.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო – როცა ხელშეკრულება დაიდო კონსორციუმთან, შეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო, რომ პორტი უნდა იყოს კერძო და ააშენოს კერძო კომპანიამ. უნდა ჰყავდეს გამოცდილი პარტნიორები, რაც არის ამ პორტის წარმატების პირობა – არა მხოლოდ აშენდეს პორტი, არამედ იმუშაოს სრულად და მოიზიდოს ინვესტიციები, მეორე პირობა იყო სახელმწიფო, გარდა მიწის გადაცემის, გზისა და რკინიგზის მშენებლობისა, არ ყოფილიყო ფინანსურად ჩართული. მათი თხოვნით და მომართვით პორტის დაფინანსების მოძიება იქნებოდა რთული, ამდენად საპარტნიორო ფონდის მხრიდან არის დადებული მემორანდუმი, რომ 100 მილიონ ევროს სახელმწიფო ჩადებს პროექტში.

თავდაპირველად არ ყოფილა 100 მილიონი ევროს ჩადების საკითხი. კონსორციუმს თავად აქვს ჩასადები 120 მილიონი და მოსაზიდი აქვთ 400 მილიონი ევროს ოდენობის სესხი. ხელშეკრულების შესაბამისად იყო დაგეგმილი, რომ დაფინანსების მოზიდვა უნდა მომხდარიყო 2018 წლის პირველი იანვრიდან.

2017 წელს, როცა ცხადი გახდა, რომ ეს ვერ სრულდება, ვადა განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან, კონსორციუმს სრულად უნდა მოეზიდა თავისი კაპიტალი, 400 მილიონის სესხი და აქტიური მშენებლობა ამ პორტის უნდა განხორციელებულიყო.

მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და მთავრობამ ის გაათავისუფლა 20-მილიონიანი გარანტიისგან და თანხების მოზიდვის ვადა გადაუვადდათ ივნისამდე.

პორტის ოპერატორის ნაწილში შემოთავაზება არ შეესაბამება იმას, რაც ინვესტიციის ხელშეკრულებაში იყო გაწერილი. 400 მილიონის დაფინანსების ნაწილში ვარ მომსწრე იმისა, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა დონეზე საქართველოს მთავრობა უსვამდა ხაზს, რომ ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ განიხილონ სესხის გაცემის საკითხი. თუმცა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და მოგვაწოდეს ის პირობები, რა პირობების შეცვლასაც გვთხოვენ და ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის ის, რომ ისინი ითხოვენ ტვირთების გარანტიას, ამას ითხოვენ მთავრობის მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა თავდაპირველად გაწერილი, ჩვენ გვქონდა საფინანსო ინსტიტუციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა მათთან ერთად გავიაროთ ყველა შესაძლო, სასურველი ცვლილება და მერე ყველამ ერთად განვსაზღვროთ, რა ცვლილებების შეტანა იქნება შესაძლებელი. ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან საფრთხე არ ემუქრება. გზის ნაწილში 11 მილიონი იყო გათვალისწინებული პროექტირებაზე. შარშან ჩავარდა ეს ტენდერები, რადგან ეს არ იყო მხოლოდ გზა, ეს არის გზა და რკინიგზა. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სატენდერო პირობაში შესატან ცვლილებებზე. აქტიურ კავშირში ვართ, როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, ასევე ოთხივე დონორთან, რათა კონსორციუმმა დაფინანსების მოძიება შეძლოს“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.