მაია ცქიტიშვილი - ჩემი საქმეა კორუფციული რისკების პრევენცია, ხოლო გამოძიება არის საგამოძიებო ორგანოების საქმე
მაია ცქიტიშვილი - ჩემი საქმეა კორუფციული რისკების პრევენცია, ხოლო გამოძიება არის საგამოძიებო ორგანოების საქმე

ჩემი საქმეა კორუფციული რისკების პრევენცია, ხოლო გამოძიება არის საგამოძიებო ორგანოების საქმე, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმცირესობის დეპუტატ ოთარ კახიძეს, რომელმაც სამინისტროში კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით კითხვა დასვა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ კახიძის ამ შეკითხვას „საინტერესო ინტერპრეტაცია“ უწოდა.

„მე არ მიხსენებია არც საქმეები და არც გარიგებები. მე ვთქვი, რომ ყველა ასეთი კვალიფიკაციის საკითხი გამოძიების კომპეტენციაა, თუმცა ვადასტურებ, რაც გუშინ ვთქვი, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით შესაძლოა მქონდეს კითხვები. მაგალითისთვის მოგიყვანთ სამტრედია-გრიგოლეთის გზას, სადაც სამუშაოების აღსრულების პროცესში მიღებულმა საპროექტო გადაწყვეტილებამ გამოიწვია პრობლემები. ამ სირთულეების მიუხედავად, სამუშაოები მიმდინარეობს, გვყავს ორი კონტრაქტორი, რომლებმაც შემოგვთავაზეს არსებული პრობლემის აღმოფხვრის გზები და ამ ეტაპზე ვარჩევთ ოპტიმალურს. ასე რომ, სახელმწიფოს ჯერ მატერიალური ზიანი არ მიყენებია ამ კონტრაქტით, თუმცა ასეთის დადგომის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად ვალდებული ვიქნები გადავცე ეს საქმე შემდგომი შესწავლისთვის. ამ ეტაპზე, მე ვარ ორიენტირებული პრევენციაზე, ჩემი საქმეა მსგავსი კორუფციული რისკების დაზღვევა, ხოლო გამოძიება არის საგამოძიებო ორგანოების საქმე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ოთარ კახიძემ მაია ცქიტიშვილს შეახსენა, რომ გუშინ, საკომიტეტო განხილვაზე მან თქვა, რომ სამინისტროში დახვდა საქმეები, სადაც შეიმჩნევა გარკვეული გარიგებების ნიშნები.

„თუ შეიძლება დააკონკრეტოთ რა ტიპის გარიგებებზეა საუბარი, რა მასშტაბის თანხებს უკავშირდება ეს გარიგებები და გადაგზავნეთ თუ არა ასეთი საქმეები შესაბამის ორგანოებში შესაბამისი რეაგირებისთვის“, – განაცხადა კახიძემ.