მაია ცქიტიშვილი - ბიზნესის მხრიდან არის განცდა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ყველანი პასუხისმგებლები ვართ, რათა ეპიდემიოლოგიური ფონი არ გავაუარესოთ
მაია ცქიტიშვილი - ბიზნესის მხრიდან არის განცდა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ყველანი პასუხისმგებლები ვართ, რათა ეპიდემიოლოგიური ფონი არ გავაუარესოთ

პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასრტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეეხოთ შეზღუდვების შემსუბუქება, ძალიან რთული ვითარება აქვთ. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს აქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით იქნას მართული.

ამასთან, როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ისაუბრეს იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად მოხდეს მუშაობა იმისთვის, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი როგორც  ბიზნესის, ისე  სახელმწიფოს მხრიდან.

„ეს არ არის პირველი ან ერთადერთი შეხვედრა. ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ბიზნესომბუდსმენი მუდმივ რეჟიმში არის ჩართული ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბიზნესს, განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეეხოთ შეზღუდვების შემსუბუქება, ძალიან რთული ვითარება აქვთ. თუმცა ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის და დღესაც ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს გვაქვს პსუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი წარმატებით ვმართოთ და ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა. მათ შორის ტურიზმის ამოქმედებაც ზაფხულის სეზონისთვის, რათა ისევ შეზღუდვების დაწესება არ მოგვიწიოს.

აქედან გამომდინარე, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პანდემიის პირველივე დღიდან, პრაქტიკულად, უკვე ერთი წელია, ვახორციელებთ, როგორც შეზღუდვის თაობაზე, ასევე მათი შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების ძალიან დეტალური და მუდმივი ანალიზის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. გადაწყვეტილებებს ვიღებთ როგორც ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე იმ საერთო პრაქტიკის, ჯანდაცვის მოსფლიო ორგანიზაციისა და მსგავსი ავტორიტეტული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. სწორედ ამას ეფუძნება არსებული შეზღუდვების მოხსნის გეგმაც.

დღეს ბიზნესის მხრიდან, ისევე როგორც საჯარო სივრცეში ისმოდა კითხვები ამა თუ იმ გადაწყვეტილების შესახებ. ბიზნესს უნდოდა, რომ მეტი ინფორმაცია მიეღო. ამიტომ, ეკატერინე ტიკარაძისა და ამირან გამყრელიძის მონაწილეობით შედგა შეხვედრა და გვქონდა საშუალება, ბიზნესისთვის აგვეხსნა, მათ შორის პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზეც, თუ სადმე ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავენ.

რა თქნა უნდა, საუბარი მათ შორის გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი ბიზნესის, სახელმწიფოს მხრიდანაც და ისეთი სახით წარმართული, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს და ისევ არ გვაიძულებს გარკვეული შეზღუდვების შემოღებას.

სათხილამურო კურორტებზე ბევრი დამსვენებლის ჩასვლა, ერთდროულად კონცენტრირება არის სწორედ ის საფრთხე, რაც იწვევს ინფიცირების მაჩვენებლის ძალიან სწრაფ ზრდას კურორტებზე. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში დღეის მდგომარეობით,  სათხილამურო კურორტები არ ფუნქციონირებენ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში რისკები გვაქვს და პირველი თებერვლიდან ზამთრის კურორტების მუშაობის აღდგენას ვერ ვახერხებთ.

ბიზნესის მხრიდან ნამდვილად იყო განცდა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ნამდვილად არ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ულტიმატუმების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს. ჩვენც და ბიზნესსაც გვაქვს სრული აღქმა, რომ მაგიდის გარშემო ყველანი ერთნი ვართ, ერთი მხარე. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს აქვს კონკრეტული პრობლემები, ყველანი ერთად ვართ პასუხისმგებლები, რომ ეპიდემიოლოგიური ფონი არ გავაუარესოთ. რაც შეეხება სარესტორნო ბიზნესს, მათაც ავუხსენით, რომ ვხელმძღვანელობთ იმ მაჩვენებლებით, იმ პარამეტრებით, რომელიც განსაზღვრავს ეპიდემიოლოგიურ ფონს და ეს 4-პროცენტიანი დადებითობის ზღვარიც  შედარებით უსაფრთხო ვითარების გამომხატველი საერთაშორისოდ მიჩნეული მაჩვენებელია. შესაბამისად, ბიზნესსაც ვუთხარით – როგორც კი ჩვენ გვექნება საშუალება, ისევე როგორც აჭარაში, დადებითობის მაჩვენებელი აღმოჩნდება 4 პროცენტის ფარგლებში ან ნაკლები, შესაბამისად, ამა თუ იმ რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში გვექნება საშუალება, შემსუბუქების შემდგომი ეტაპი დავიწყოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.