მაია ცქიტიშვილი – ბიუჯეტს მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით ვგეგმავთ

13:46, 18.11.2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმერეთის რეგიონის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები და ინიციატივები მოისმინა.

„ბუნებრივია, მუნიციპალიტეტს მოსახლეობის პრობლემები, მოსახლეობის თხოვნები მოაქვს ჩვენთან და ჩვენც შესაბამისად, 2019 წლის ბიუჯეტს მოსახლეობის საჭიროებებზე დაყრდნობით ვგეგმავთ. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს მუნიციპალიტეტში, რათა უშუალოდ ადგილზე უკეთესად გავიცნოთ მათი პრობლემები და უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი სამუშაოები და ბიუჯეტი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი მოსახლეობას ზესტაფონის სოფელ სანახშირეში, ასევე წყალტუბოსა და ხონში შეხვდა.

მუნიციპალიტეტებისა და სოფლების მაცხოვრებლებმა ყურადღება გაამახვილეს პირველ რიგში გადასაჭრელ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე.

თავის მხრივ, ვიცე-პრემიერმა მიაწოდა მოსახლეობას ინფორმაცია რეგიონში და კონკრეტულად მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობა აქტიურად თანამშრომლობდეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ადგილზე განისაზღვროს ამა თუ იმ მხარისათვის პრიორიტეტული თემები და მიმართულებები.

მაია ცქიტიშვილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმსაც ესტუმრა და გალაკტიონის დაბადების დღე იქ შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა. მან, პირველ ყოვლისა, ვანის მოსახლეობას მიულოცა გალაკტიონის დაბადებიდან 127-ე წლისთავი და აღნიშნა, რომ გალაკტიონის პოეზიაზე გაიზარდა და იზრდება ქვეყნის ყველა თაობა. მისი თქმით, გალაკტიონის პოეზიის თავისებურება და გამორჩეულობა განსაზღვრა იმ ულამაზესმა მხარემაც და იმ ადგილმაც, სადაც იგი დაიბადა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2019 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში აშენდება 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, სოფელ არგვეთში კი დასრულდება 112 მოსწავლისთვის განკუთვნილი საჯარო სკოლის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფელ შორაპნის, ცხრაწყაროს, ქვედა საზანოსა მეორე სვირის საჯარო სკოლებს. 16 სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია განხორციელდება 2020 წელს, სოფელ ზოვრეთში კი დასრულდება ახალი ამბულატორიის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ზესტაფონის ქუჩებში დაზიანებულ გზებს, რეაბილიტირდება არაერთი სოფლის გზა.

რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, აშენდება 135 მოსწავლეზე გათვლილი წყალტუბოს საჯარო სკოლა და 203 მოსწავლეზე გათვლილი სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა. სკოლების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ჯამში, ორივე სკოლის მშენებლობა დაფინანსდება 8 მილიონ 500 ათასი ლარით. 2020 წელს გარემონტდება რვა სოფლის ამბულატორია, ხოლო 2019 წელს დასრულდება კიდევ სამი სოფლის ამბულატორიის რემონტი. 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების შიდა დაზიანებულ გზებს, მოეწყობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღვარსადენ არხებს. ამავე წელს ქალაქ წყალტუბოში საკანალიზაციო ქსელისა და სასმელი წყლის ქსელების მოწყობა-რეაბილიტაციის შედეგად, 1000 ოჯახს მოუწესრიგდება წყლის მიწოდება. დასრულდება ქალაქ წყალტუბოში საწურბლიის მღვიმის გზის და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებულ შადრევანს.

ხონის მუნიციპალიტეტში აშენდება 75 ბენეფიციარზე გათვლილი საბავშვო ბაღი, გარემონტდება 17 სოფლის ამბულატორია, მუნიციპალიტეტის არსებული გარე განათება შეიცვლება ე.წ. ლედ-განათებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხონის ისტორიულ ბულვარს; გორდისა და კინჩხის ადმინისტრაციულ ერთეულებში დამატებითი ლოკაციების ტურისტული ადგილების გასაჩენად, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები; მოეწყობა სოფელ კიჩხას და სოფელი გორდას სასმელი წყლის სისტემა; 2019 წელს დასრულდება შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია; დაიწყება მდინარე ღარჩელის შესართავთან, სოფელ მათხოჯსა და მდინარე ცხენისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები.

მაია ცქიტიშვილის თქმით, სკოლების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტებს რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოეყოფათ თანხები (ზესტაფონი – 200,000 ლარი, წყალტუბო – 460,000 ლარი, ხონი – 410,000 ლარი) მათ მიერვე განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით განსაკარგად.

მსგავსი