მაია ცქიტიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

18:02, 07.05.2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს იეშიმ ელჰან-კაიალარს შეხვდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე და ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებაში ADB-ს მონაწილეობაზე.

ამასთან, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში საავტომობილო გზების, წყალმომარაგების და ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მსხვილი დონორია და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა დირექტორს იმ პროექტების დაფინანსებისთვის, რომლებიც ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

როგორც აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა განაცხადა, ბანკი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა და გაზარდოს ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

სამინისტროს ცნობით, ურბანული სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომლის მოცულობა შეადგენს 500 მილიონ აშშ დოლარს, საქართველოს 13 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს მოსახლეობის წყალმომარაგებისა და წყალარინებით უზრუნველყოფის პროექტები. პროგრამის ფარგლებში დასრულებულია 4, მიმდინარეობს 12 და დაგეგმილია 9 პროექტის განხორციელება.

ამასთან, ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს სხვადასხვა საავტომობილო გზის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტები; დასრულების ფაზაშია ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი. ბანკის დაფინანსებით განხორციელდება ქალაქ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის და ჩუმათელეთი-ხარაგაული-მოლითის შიდასახელმწიფოებრივი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს რიკოთის მონაკვეთზე ხევი-უბისას სექციას, ასევე განიხილება ქვეშეთი კობის მონაკვეთზე გვირაბის დაფინანსების საკითხი.

 

მსგავსი