მაია ცქიტიშვილი - არაერთი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მედიათავისუფლებას აქვს უპირველესი პრიორიტეტი
მაია ცქიტიშვილი - არაერთი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მედიათავისუფლებას აქვს უპირველესი პრიორიტეტი

გამოვრიცხავ ყველანაირ ეჭვს, რომ სახელმწიფო ცდილობს, „რუსთავი 2“-ის ან რომელიმე სხვა მედიასაშუალების თავისუფლება რამე ფორმით შეზღუდოს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სიტყვის თავისუფლება მისთვის უპირველესი პრიორიტეტია.

„დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა ხედავს, რომ ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მედიათავისუფლების რამე ფორმით შეზღუდვას არ ვახორციელებთ. ყველა ეჭვს, რომელიც ამასთან დაკავშირებით გამოითქმებოდა წინა წლებშიც, აღმოჩნდა რომ არანაირი საფუძველი არ ჰქონია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესი არ არის მედიათავისუფლების შეზღუდვა.

„დამერწმუნეთ, სახლმწიფოს ინტერესი არანაირად არ არის მედიათავისუფლების შეზღუდვა, პირიქით, ჩვენი ყველა ქმედებით, მათ შორის საკანონმდებლო დოზენე, როდესაც ახალი ტელევიზიის რეგისტრაცია და გახსნაც არის მარტივი, არაერთი ქმედებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მედიათავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას აქვს უპირველესი პრიორიტეტი. ეს არის ის დემოკრატიული თავისუფლება და უფლებები, რომელსაც ჩვენ პირველი რიგის პრიორიტეტებად ვაყენებთ და ჩვენი ქმედებებით ამას ვადასტურებთ“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

6 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან ითხოვს ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარს. ნიკა გვარამიას თქმით, ნინო ნიჟარაძე არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, აწ განსვენებული გოგი გეგეშიძის მეუღლე. გვარამია აცხადებს, რომ გეგეშიძეს დაგროვილი ჰქონდა საბიუჯეტო დავალიანება და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში არხზე შესავალი მეტი იყო, ვიდრე არხიდან გასავალი.