მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შესახვედრად მზად ვართ
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შესახვედრად მზად ვართ

ჩვენ მზად ვართ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შესახვედრად, შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, როდის იგეგმება შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან პროექტის დაფინანსების შესახებ მათ მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით.

ვიცე-პრემიერის თქმით, მოლაპარაკებების მიზანი პოზიციების შეჯერებაა.

„ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ  უკეთ შევძლოთ მოლაპარაკება, მათ შორის იმაზე, როგორ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს. აპრილში გაიმართება შეხვედრა, როგორც კი დაინიშნება თარიღი. რაც შეეხება მათი მოთხოვნების გათვალისწინებას, მოლაპარაკების შედეგად შევძლებთ გარკვევას, რომელი მოთხოვნა იქნება მისაღები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, რაც შეეხება იურიდიულ კომპანია „ვაით ენდ ქეისთან“ (White & Case) გაფორმებულ ხელშეკრულებას, ვიცე-პრემიერის თქმით, ხელშეკრულება ემსახურებოდა მოლაპარაკებებში დახმარებას.

„ხელშეკრულება ემსახურებოდა მოლაპარაკებებში დახმარებას, ხელშეწყობას და იმ ცვლილებების მომზადებას, რომელიც სწორედ ასეთი მოლაპარაკების შედეგად ფორმირდება. ეს არის რჩევები ბანკების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. აპრილის შეხვედრაშიც „ვაით ენდ ქეისი“ მიიღებს მონაწილეობას და ცვლილებებსაც ერთად შევაფასებთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი