მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტის დაფინანსებაზე დონორების რვა პუნქტიანი მოთხოვნიდან პირველი პორტის განვითარების ფაზებს ეხება
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პროექტის დაფინანსებაზე დონორების რვა პუნქტიანი მოთხოვნიდან პირველი პორტის განვითარების ფაზებს ეხება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატების იმ მოთხოვნების შესახებ მაიწოდა ინფორმაცია, რომელსაც ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აყენებენ.

მან რვა პუნქტიანი მოთხოვნიდან პირველ პუნქტზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ პირველი პუნქტი ანაკლიის პორტის განვითარების ფაზებს ეხება.

„შეგახსენებთ, რომ გადავადება სახელშეკრულებო ეტაპზეც მოხდა. არსებული ხელშეკრულებით, პორტის მშენებლობის პირველი ფაზა უნდა დასრულდეს სამ წელიწადში მშენებლობის დაწყებიდან, ანუ 2020 წლის ბოლომდე. პორტი უნდა განვითარდეს ცხრა ფაზად, პირველი ფაზა ნიშნავს რვა მილიონი ტონის გამტარუნარიანობას. მეორე ფაზა კი, ინტერესთა გამოხატვით დადგენილი 20 მილიონი ტონის ნაცვლად, განისაზღვრა 14 მილიონი ტონის მოცულობით, ხოლო შვიდი წლის ნაცვლად, უნდა დასრულდეს  დაახლოებით 15 წელიწადში,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დეტალურად განიხილა ყველა ფაზა და ხაზი გაუსვა დონორების მოთხოვნებს.

„იქ წერია, რომ პორტის გაფართოება არ უნდა იყოს მიბმული რამე კონკრეტულ თარიღზე და დაიწყოს მას შემდეგ, რაც თითოეული ფაზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მოხდება და რაც პორტის გამტარუნარიანობა სამი წლის განმავლობაში მიაღწევს მისი მოცულობის 70 პროცენტს. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ოთხივე ინვესტორისგან მოვიდეს თანხმობა იმაზე, განვითარდეს თუ არა პორტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მომდევნო ფაზაზე გადასვლა,“ – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილს ანაკლიის პორტის საკითხზე დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე უსმენენ.