მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კომერციულ რისკებზე ბანკები და ინვესტორი უნდა შეთანხმდნენ
საქართველოს მთავრობამ თავიდანვე განაცხადა თავისი პოზიცია, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ჩვენთვის ყველაზე რთული ინვესტორის კომერციული რისკების სახელმწიფოზე აღება იქნებოდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პორტში ტვირთბრუნვაზე გარანტია ანაკლიის პროექტის დაფინანსებისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რვა პუნქტიანი მოთხოვნის ერთ-ერთი პუნქტია.
„ჩვენ ეს პოზიცია თავიდანვე განვაცხადეთ, ბოლო შეხვედრაზეც გვქონდა საშუალება ამაზე საუბრის, სადაც ვთხოვეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინვესტორს, რომ სხვა შესაძლო ინსტრუმენტები გამოეყენებინათ, მათ შორის განიხილება ევროკავშირის შესაძლო დახმარება ამ პროცესში და ა.შ. ეს არის უკვე ის მხარე, სადაც მთავრობამ თავიდანვე თქვა, რომ ვერ იქნება უფლებამოსილიც კი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, არამედ არის ბუნებრივი განაწილება, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა, სადაც კერძო სექტორი იღებს თავის რისკებს საკუთარ თავზე, სახელმწიფო კი, ეხმარება ყველა დანარჩენში, მათ შორის ჩვენ გავიზიარეთ ბანკების სურვილი, რომ გაგვეზარდა ჩვენი მონაწილეობა პოლიტიკურ რისკებში, ფორს-მაჟორში და ა.შ.“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, კომერციულ რისკებზე ბანკები და ინვესტორი უნდა შეთანხმდნენ.
„იქ, სადაც კომერციულ რისკებს არ ეხება საქმე, მთავრობა უფრო ჩაერთვება და უფრო დაიცავს ინვესტორს ამ შესაძლო ზიანისგან, მაგრამ კომერციული რისკების ანაზღაურება ბუნებრივია, ინვესტორის მხარეს არის. ამიტომ ამაზე ახლა ბანკები და ინვესტორი უნდა შეთანხმდნენ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მაისში გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ რვა პუნქტიანი მოთხოვნიდან ძირითადად, შესათანხმებელი რჩება ერთი პუნქტი, რომელიც ტვირთბრუნვაზე გარანტიებს უკავშირდება. ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებისთვის რვა პუნქტიანი მოთხოვნა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა დააყენეს.
ამასთან, დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის ფინანსური დახურვის ვადას ექვსი თვით გაუხანგრძლივებს. საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივების თხოვნით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიმართა.