მაია ცქიტიშვილი – ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში არ არსებობს არავითარი სხვა ინვესტორი და არ ვართ ძიების პროცესში

17:58, 21.03.2019

ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში არ არსებობს არავითარი სხვა ინვესტორი და არ ვართ ძიების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ალტერნატიული ინვესტორის შესახებ დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის წარმატებით დასრულების მიზნით მუშაობა არსებულ ინვესტორთან და ბანკებთან მიმდინარეობს.

„ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ დღეს, ვმუშაობთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, არსებულ ინვესტორთან და ბანკებთან იმისთვის, რომ ეს პროექტი დასრულდეს წარმატებულად“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია და არც დღეს აქვს სურვილი, სახელმწიფო საკუთრებაში ჰქონდეს პორტი და მართოს ის.

მაია ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი