მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის პროექტში კომერციული რისკების დაზღვევის კუთხით სახელმწიფოსთვის ალტერნატივა არ არსებობს
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის პროექტში კომერციული რისკების დაზღვევის კუთხით სახელმწიფოსთვის ალტერნატივა არ არსებობს

ანაკლიის პორტის პროექტში კომერციული რისკების დაზღვევის კუთხით სახელმწიფოსთვის ალტერნატივა არ არსებობს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. მთავრობამ კონსორციუმს ე.წ. ფინანსური გადახურვის ბოლო ვადად მიმდინარე წლის 31 დეკემბერი დაუთქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსორციუმმა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებები წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს. მთავრობამ აღნიშნული ვადა ინვესტორს უკვე მეოთხედ გადაუვადა და ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვალდებულებების შეუსრულებლობაზე დაკისრებული სანქცია – საურავებიც აპატია.

მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბევრ დათმობაზე წავიდა, მაგრამ კომერციული რისკების დაზღვევას არ დათანხმდება, რადგან ეს რისკები ინვესტორმა სასურველია იმ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად გაინაწილოს, საიდანც დაფინანსების მოზიდვას აპირებს.

„უშუალოდ კომერციული რისკების ნაწილში იცით, რომ ბანკებმა თხოვნით 2018 წლის ბოლოს მოგვმართეს, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ცვლილებები შეგვეტანა. ეს არ იყო სახელმწიფოს ვალდებულება, წინასწარ დათქმული არ ყოფილა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, კონსორციუმს მართალია ვადები წლის ბოლომდე მიეცა, მაგრამ შუალედური ვადებიც დაწესდა.

„ჩვენი შეთანხმებაა, რომ 2019 წლის 15 აგვისტომდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს უკვე გამოვლენილ სამშენებლო კონტრაქტორთან შეთანხმების პროექტი, რომელიც ასევე საჭიროებს მთავრობისა და ბანკების შეთანხმებას. ასევე 15 ოქტომბრისთვის უნდა წარმოადგინოს როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე უშუალოდ საკუთარი კაპიტალის მოზიდვის ნაწილში შეთანხმებული სესხის გაცემის პირობები. ესეც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შუალედური ვადები იყოს დაცული, ვინაიდან ეს ამ პროცესის დინამიკას გვაჩვენებს. კონსორციუმი ამბობს, რომ საკუთარი კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებით, პრინციპული თანხმობები აქვს იმ ინვესტორებისგან, რომლებსაც პროექტში მონაწილეობა სურთ. თუმცა ამ ურთიერთობის პირობებზე შეთანხმება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სასესხო ხელშეკრულებები არ არის“, – განაცხადა მინისტრმა.

ცქიტიშვილის თქმით, სახელმწიფო ყველა რისკს აზღვევს, რაც მის კომპეტენციაში შედის, კომერციული რისკების დაზღვევას კი არ განიხილავს, რადგან ეს ბიზნესის ფუნქციაა.

„სწორედ აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ თავიდანვე თქვა, რომ ჩვენ კერძო ინვესტორის კომერციულ რისკს ვერ დავაზღვევდით. ეს არის საერთო მიდგომა, ლოგიკურიცაა და აქ არის სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლის გამიჯვნა. სახელმწიფოს მხრიდან დაზღვეულია პოლიტიკური რისკები, ფორსმაჟორი, საკანონმდებლო ცვლილებების რისკები და ა.შ ყველა ის რისკები, რომელზეც სახელმწიფოს მეტი გავლენა აქვს ან უფრო ძლიერია ამ რისკების დაზღვევაში სახელმწიფო თავის თავზე იღებს, მაგრამ კომერციულს – არა. სახელმწიფოსთვის აქ პრაქტიკულად ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ კონსორციუმს დავეხმაროთ ყველა იმ გარემოს შექმნაში, პარტნიორებთან ურთიერთობაში, ბანკებთან ურთიერთობაში. იცით, რომ მოლაპარაკების პროცესში ბანკებთან პრაქტიკულად ყველა პირობაზე დავთანხმდით. მზაობა გამოვთქვით, რომ ამ ცვლილებებზე წავყვებოდით, გარდა კომერციული რისკების დაზღვევისა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ კომერციული ბანკები და კონსორციუმი შეთანხმებას მიაღწევენ.

„ამ შემთხევაში დარწმუნებული ვართ და გვჯერა, რომ კონსორციუმი და ბანკები შეთანხმდებიან რისკების გაზიარებაზე. საერთაშორისო ბანკები არიან ჩართული, სადაც სესხის გაცემა და პროცენტის მიღება ხდება და ალბათ ბანკებიც დათმობაზე უნდა წავიდნენ. ჩვენ ნამდვილად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ახალი ვადები საკმარისია, რომ ბანკები და კონსორციუმი რისკების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. თუმცა არსებობს ევროკავშირის ტრანსპორტის დაზღვევის ფონდებიც. ასევე საუბარია, რომ ევროკავშირმა და მისმა შესაბამისმა ინსტიტუტებმა პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მას დაფინასნება გამოუყონ. ამაზე კონსორციუმი მუშაობს და ბანკებიც ეხმარებიან. თუმცა კონსორციუმმა შესაძლოა, ბანკებს რისკების დაზღვევის სხვა საშუალებებიც შესთავაზოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გვინდა გვჯეროდეს, ამჯერად წლის ბოლომდე ვადა საკმარისი იქნება“, – განმარტა მინისტრმა.

მისი აზრით, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება ანაკლიის პორტის რეგიონულ მნიშვნელობაზე, შესაძლოა, ბანკებისთვისაც საყურადღებო გამოდგეს.

„ძალიან საყურადღებო იყო პომპეოს განცხადება, თუმცა ჩვენც ვიცოდით, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ბანკებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, როცა ხედავენ, რომ ამ პროექტს ასეთი დონის საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.