მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დაფინანსების მოძიებაზე ინვესტორთან ერთად ვმუშაობთ
ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ვცდილობთ, ინვესტორთან ერთად, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო კიდევ ერთხელ დაეხმარა ინვესტორს და გადაავადა დრო, რომელიც ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფისთვის იყო გათვალისწინებული.
„უშუალოდ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის თაობაზე და 2013 წელს ინტერესთა გამოხატვა გამოცხადა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანას. ეს ვალდებულება სახელმწიფომ თავად აიღო ინტერესთა გამოხატვის პირობების ფარგლებში გამარჯვებულის წინაშე, რომელიც ჩადებდა კერძო ინვესტიციას ანაკლიის პორტის ასაშენებლად. ჩვენთვის ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ნამდვილად ვცდილობთ ინვესტორთან ერთად, რომ პროექტის განხორციელება წარმატებული იყო. ამ ეტაპზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავეხმარეთ ინვესტორს, რომ გადავავადეთ დრო, რომელიც იყო გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფისთვის. ამდენად, ჩვენ ახლა ერთობლივად ვმუშაობთ პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიებაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო თავის ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებს.
„სამწუხაროდ, გზის პროექტირებასთნ დაკავშირებით ახლა ტენდერი ჩაგვივარდა, თუმცა მოვახდენთ ტენდერის სახეცვლილებას, გამოვაცხადებთ კონკურსს უფრო მოქნილი პირობებით. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით როგორც სახელმწიფო, ისე ინვესტორი, ასევე საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ამ პროექტისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ, შევძლებთ, პორტი წარმატებულად ამოქმედდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ ეტაპზე, ინვესტორს ჯერ კიდევ აქვს მოლაპარაკებები დამფინანსებლებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა საფინანსო შეთანხმებები გაფორმდეს და პირობები შეჯერდეს.