მაია ცქიტიშვილი - ახალი ანტიკრიზისული პაკეტი არის სამართლიანი, მიზნობრივი და მიმართულია იმ ფენებზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება
მაია ცქიტიშვილი - ახალი ანტიკრიზისული პაკეტი არის სამართლიანი, მიზნობრივი და მიმართულია იმ ფენებზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის პირველი პაკეტის ფარგლებში, ჯერ კიდევ მარტში შესთავაზეს მოსახლეობას ღონისძიებები, რომელიც მოიცავდა როგორც საბანკო სესხების გადავადებას, ასევე სამთვიან პერიოდში კომუნალური გადასახადების დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც ცქიტიშვილი აცხადებს, შემდგომი შეთავაზებები ეხებოდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ა.შ.

„მთელი ეს პერიოდი აქტიურად ვმუშაობდით იმ პირების იდენტიფიცირებაზე, ვისაც დამატებით სჭირდება სახელმწიფოს დახმარება და სწორედ ამ მიმართულებით შემუშავდა ახალი ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც დაახლოებით 400 მილიონი ლარის ოდენობის ღონისძიებებს ფარავს.

17 წლის ჩათვლით ბავშვების ოჯახები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარები არიან და თითო ბავშვზე 200 ლარიანი პაკეტი, განსაკუთრებით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ოჯახებისთვის. რაც შეეხება კომუნალური გადასახადს, უკვე 1 200 000 ოჯახმა ისარგებლა ელექტროენერგიის და წყლის გადასახადის ნაწილში, ხოლო დაახლოებით 700 000 ოჯახმა ისარგებლა გაზის გადასახადის სუბსიდირებით. ზამთრის პერიოდი არ იქნება მარტივი და შესაბამისად ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი იქნება ის 4 თვე, როცა სახელმწიფო ამ მიმართულებით კვლავ შეეხიდება ოჯახებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობას პანდემიის პერიოდში და აღნიშნა, რომ სწორედ ივანიშვილის ოჯახის მიერ სპეციალურ ფონდში ჩარიცხული 130 მილიონი ლარის ფარგლებში მოხერხდა 17 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება.

„ეს შემოწირულობა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარება კერძო პირის მხრიდან, რომელიც სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა. სწორედ ასეთი საქველმოქმედო ღონისძიებების შედეგად, რომელშიც ჩართულნი არიან ფიზიკური პირები, საჯარო მოხელეები, ბიზნესის წარმომადგენლები, მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო მოცულობითი პაკეტი შეგვეთავაზებინა მოსახლეობისთვის. აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო სტუდენტებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას. ბოლო დროს, როცა ბევრ ოჯახს შეუმცირდა შემოსავლები, სტუდენტების გარკვეული ნაწილმა ვეღარ გადაიხადა სწავლის საფასური, რის გამოც მათ შეუჩერდათ სტატუსი და სწორედ მათზე გავრცელდება დახმარება, რაც სტუდენტებს სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ახალი ანტიკრიზისული პაკეტი არის სამართლიანი, მიზნობრივი და მიმართულია იმ ფენებზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება.

დატოვე კომენტარი