მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით დეფიციტი და პრობლემა არ არსებობს
მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით დეფიციტი და პრობლემა არ არსებობს

ბოლო თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება იმაში, რომ სასურსათო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემები არ გვაქვს და თუ ჩვენი მაღაზიების თაროები პანიკური შესყიდვების შედეგად შეიძლება, დროებით დაცარიელდეს, ის ისევ ივსება პროდუქტებით. არავითარი დეფიციტი და პრობლემა მომარაგებასთან დაკავშირებით არ გვაქვს, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მარაგების შესაქმნელად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ცხრა ძირითადი პროდუქტის ფასების საგარანტიო მექანიზმის შეთავაზების თაობაზე ბიზნესისთვის, რომელიც უზრუნველყოფდა აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობას. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზრუნავს იმაზეც, რომ გვქონდეს ამა თუ იმ პროდუქციის გარკვეული სტრატეგიული მარაგები, რათა ბევრად უფრო მშვიდად ვიგრძნოთ თავი იმ შემთხვევაში, თუ ლოგისტიკურ ჯაჭვში რამე პრობლემა შეიქმნა.

„მიუხედავად იმისა, რომ სამგზავრო ავიარეისები ბევრ ქვეყანასთან პრაქტიკულად გაჩერებულია, ეს აკრძალვები და საზღვრების ჩაკეტვა არ შეხებია სატვირთო გადაზიდვებს და როგორც საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც მიდის ტვირთი, ჩვენს კომპანიებს, იმპორტიორებს აქვთ საშუალება, სხვა ქვეყნებიდან შემოიტანონ შესაბამისი საქონელი. ქვეყნებს შორის ასევე აწყობილია ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, ვაგრძელებთ ეკონომიკურ თანამშრომლობას და ქვეყნებს შორის ვაჭრობას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაამშვიდა საზოგადოება, რომ სურსათისა და სამედიცინო მარაგების მხრივ როგორც დღეს არ არსებობს შეფერხება, ასევე არ იქნება შემდგომშიც.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.