მაია ცირამუა - მინდა, მჯეროდეს, რომ შეიქმნება ერთიანი სისტემა პრევენციისთვის, სადაც ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები
არის განსაკუთრებულად სუსტი რგოლები, რომლებსაც ბავშვების ძალიან საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება უწევთ. მნიშვნელოვანია, ეს რგოლები გაძლიერდეს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა საკითხებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ვფიქრობ და მინდა, მჯეროდეს, რომ შეიქმნება ერთიანი სისტემა პრევენციისთვის, სადაც ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. არაერთხელ მომისმენია ეს დაპირება და ჩემი სურვილია, რომ ამჯერად ეს ნამდვილად გაკეთდეს, ამას აღარ დასჭირდეს ახალი მსხვერპლი, რომ სისტემა ეს იქნება მართლმსაჯულების, განათლების თუ სოციალური მომსახურების, თავიდან ბოლომდე იყოს ბავშვის კეთილდღეობაზე, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული, რადგან ძალიან ბევრი შემთხვევა დაგვიგროვდა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ ყველა ამ რგოლში გვაქვს სერიოზული პრობლემები. ამიტომ ერთი რომელიმე უწყების პასუხისმგებლობა ეს ვერ იქნება“, – აღნიშნა მაია ცირამუამ.
მისივე თქმით, საჭიროა ბევრი სხვადასხვა უწყების შეთანხმებული, კოორდინირებული მოქმედება.
„არის განსაკუთრებულად სუსტი რგოლები, რომლებსაც ბავშვების ძალიან საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება უწევთ. მნიშვნელოვანია, ეს რგოლები გაძლიერდეს. ვგულისხმობ ჯანდაცვის სოციალური მომსახურების სფეროს, განათლების სფეროს. რა თქმა უნდა, პოლიციაში არსებულ პრობლემებსაც ვგულისხმობ, რაც ამოატივტივა ამ ბოლო შემთხვევამ. მინდა, მჯეროდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ყოველგვარი მსხვერპლისა და სპეციფიკური სიტუაციების გარეშე დაიწყება აქეთკენ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.