მაია ბუწაშვილი - სოლიდარობის კვლევაში ჩართვა დიდ გამოცდილებას შესძენს ქვეყანას
მაია ბუწაშვილი - სოლიდარობის კვლევაში ჩართვა დიდ გამოცდილებას შესძენს ქვეყანას

ნებისმიერ კვლევაში ქვეყნის ჩართვა პრესტიჟულია, ძალიან კარგია, დიდ გამოცდილებას შესძენს ქვეყანას, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში სოლიდარობის კვლევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ამასთან, მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებულ მრავალ კითხვას გაეცემა ამით პასუხი.

„კიდევ ერთი მთავარი მომენტი, როგორც ვიცით, ამ მკურნალობებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეფასებებია. ბევრი კითხვა ისმის, რა ტიპის პაციენტები ერთვებიან. ეს კვლევა ამ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, თავის სახელს დაარქმევს. ზუსტად კრიტერიუმებით მოხდება პაციენტების ჩართვა და ამიტომ, მოაწესრიგებს მკურნალობის საკითხს და ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს. ამიტომ, ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი იქნება მეტი ინფორმაცია იმაზე, ზუსტად რამდენი პაციენტია უსიმპტომო, რამდენია მსუბუქი, რომელი ამ კატეგორიის პაციენტი რა ტიპის მკურნალობას იღებს და ეს ხშირად განახლებადი ინფორმაცია იქნება საჯარო, ალბათ ეს კითხვებიც მოიხსნება.

კიდევ ერთი, რაც კითხვებს ბადებს, ალბათ, აქამდეც უნდა გადავრთულიყავით და დროა, გადავერთოთ რეჟიმზე, რაც ბევრ ქვეყანაშია, რომ უსიმპტომო და ძალიან მსუბუქი პაციენტები, თანაც ახალგაზრდები და ვისაც არ აქვს მაღალი რისკი, არ უნდა წვებოდნენ სტაციონარებში. ბინის პირობებში იზოლირებული უნდა იყვნენ და მათ არავითარი მკურნალობა არ სჭირდებათ.

თუ ამ რეჟიმზე გადავალთ, ეს კითხვის ნიშნებიც მოიხსნება, ხომ არ უტარდებათ მსუბუქ პაციენტებს და მით უმეტეს, უსიმპტომოებს მკურნალობა. ეს ყველაფერი ამას მოაწესრიგებდა და ალბათ, ადრე თუ გვიან, ჩვენც გადავალთ იმ რეჟიმზე, რომ ყველა, ვისაც კორონავირუსის დიაგნოზი დაესმება, არ მოხვდება სტაციონარში“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.