მაია ბითაძე – ყოველთვის აქვს დიალოგზე საუბარს აზრი და ყოველთვის აქვს აზრი იმ ღირებულებებზე საუბარს, რა ღირებულებებისაც სწამს საქართველოს ევროკავშირთან მიმართებით

00:47, 16.07.2026

ბუნებრივია, ყოველთვის რჩება ერთი მხრივ, იმედი, მეორე მხრივ, ყოველთვის აქვს დიალოგზე საუბარს აზრი და ყოველთვის აქვს აზრი იმ ღირებულებებზე საუბარს, რა ღირებულებებისაც სწამს საქართველოს ევროკავშირთან მიმართებით, – ასე უპასუხა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რჩება თუ არა დიალოგისთვის სივრცე ევროკავშირთან და რა პერსპექტი აქვს ურთიერთობის ნორმალიზებას, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს, თუ გავითვალისწინებთ ბრიუსელიდან საქართველოს მისამართით ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, როცა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს ჰკითხეს, თუ როგორ ესახება შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ევროკავშირს, მან თქვა, რომ ევროკავშირს გარკვეული სირთულეები აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის არქონის გამო და პირდაპირ თქვა, რომ მთავრობას მხარდაჭერა არ ექნება.

„შეიძლება, ზოგადად, ისე შევაფასოთ კაია კალასის განცხადება, რომ ისეთივე აბსურდულია საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით მისი განცხადება, როგორი აბსურდულიც იყო ეს ჩემი წინა სტუმრის, ირაკლი კუპრაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს გერმანიამ გრანტი მისცა ბათუმს წყალმომარაგებისთვის. სინამდვილეში, ეს იყო სესხი და როგორი სიცრუითაც იყო გაჯერებული წინა სტუმრის მთლიანი ნარატივი, სამწუხაროდ, ასეთივე პრიმიტიულ სიცრუეზეა აგებული ის ნარატივი, რასაც ბრიუსელის ბიუროკრატიის ერთი ნაწილი იყენებს საქართველოსთან მიმართებით, რაც ერთი მხრივ, მიუღებელია, ხოლო მეორე მხრივ, უკვე კომიკურადაც კი ჩანს. ამაზე ვსაუბრობთ არა მხოლოდ ჩვენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, არამედ ამაზე ძალიან ხმამაღლა საუბრობენ უკვე ის პოლიტიკოსები, რომლებიც ევროსტრუქტურებში მუშაობენ, ის პოლიტიკოსები, რომლებიც წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნიდან ევროკავშირში. იმიტომ, რომ ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ მაგალითად, კაია კალასის მხრიდან, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება არაფერს. სახელმწიფო შედგება სამი ნაწილისგან, ეს არის მთავრობა, ტერიტორია და მოსახლეობა. ამ ქალბატონმა პრაქტიკულად თქვა, მე მთავრობას არ ვაღიარებო, ანუ, სახელმწიფოს არ აღიარებს და ეს არის აბსურდი ჩვენ ურთიერთობებში და იმედი მაქვს, ეს აბსურდი ადრე თუ გვიან დასრულდება”, – განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ უკვე ყველასთვის ნათელია ის აბსურდები, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციებშია და ახლა, რაც უკვე გადატანილი იქნა ეუთო-ს რეზოლუციაში.

„ეს არის თითიდან გამოწოვილი თემები, რომელთა მთავარი მიზანი არის, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ ისეთი ადამიანები, ვინც იქნებიან მართულები ევროკავშირის მხრიდან. საბოლოო მიზანი ეს არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ამ მიზნით საქართველოში არეულობის შექმნა, რომ შეიცვალოს ხელისუფლება”, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან მშვიდი, პრაგმატული და მომლოდინე პოლიტიკა, რადგან ეს არის არაბუნებრივი და არანორმალური ვითარება, რაც ახლა არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის და მათ შორის ის, რომ ევროკავშირში წევრობა ინსტრუმენტად არის გამოყენებული შანტაჟისთვის საქართველოსთან მიმართებით.

„სხვათა შორის, კანდიდატ სახელმწიფოებთან ყველასთან თავ-თავისი ასე ვთქვათ, შანტაჟის მეთოდები აქვს ბრიუსელს, მაგალითად, არის იგივე სერბეთი, მონტენეგრო. ჩვენ ჩვენს კოლეგებთან, ამ კანდიდატ სახელმწიფოებთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. არის გარკვეული პირობები წაყენებული მათ მიმართაც, რომელიც შეიძლება, არ შედიოდეს ამ ქვეყნების ეროვნულ, სუვერენულ ინტერესებში და ამ მეთოდების გამოყენებით, წევრობის ინსტრუმენტალიზაციით ხდება გარკვეული საკითხების იძულება. რაღად გვინდა კანდიდატ სახელმწიფოებზე საუბარი, ჩვენ ვიცით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან შიდა ურთიერთობები როგორია და როგორია გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. ასე რომ, იმ პროცესს, რაც საქართველოსთან მიმართ მიმდინარეობს, ჩვენ არ უნდა ვიგებდეთ ისე, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო იზიარებს იმ პოლიტიკას, რომელიც აქვს ბრიუსელს“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ურთიერთობები, როგორც კანდიდატ წევრ სახელმწიფოებთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ძალიან ხშირი და აქტიური შეხვედრები აქვს მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.

„ახლა ბოლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი, იყო ესპანეთის პარლამენტში. სახელმწიფოების ჩამოთვლა ჩვენ არაფერს არ მოგვცემს, მაგრამ ყველა სახელმწიფოში, ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მომხრე და ასევე მოწინააღმდეგე. მოწინააღმდეგეები იზიარებენ იმ ასე ვთქვათ, ვერტიკალის რჩევებს, ევრობიუროკრატიის ნარატივს და ანტიპიარულ მანქანას“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ეუთო-ს დეკლარაციაში მივიღეთ აბსურდი.

„რეზოლუციაში წერია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ის, 2024 წელს რომ სადამკვირვებლო მისია, ფრანგი, ბელგიელი, შვეიცარიელი და უამრავი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყო აქ წარმოდგენილი და შეაფასეს არჩევნები, როგორც კონკურენტული. გაცილებით დადებითი და კარგი შეფასება აქვს ჩვენს 2024 წლის არჩევნებს. ახლა, ერთი კვირის წინ მოვისმინე ეუთო-ს შეფასება მოლდოვასა და სომხეთის არჩევნებზე, მიწასთან გაასწორეს ჩატარებული არჩევნები. 2024 წლის არჩევნებზე საუბრობს ეს რეზოლუცია, რომ თითქოს, ეუთო-მ არასწორად შეაფასა. 38 ხმით დააინიცირა ჯო უილსონმა ეს რეზოლუცია. არ უნდა შეგვეშინდეს ჩვენ ამ ციფრების, ეს არის სრული მანიპულაცია და საერთაშორისო სამართლის ბოროტად გამოყენება. 38 ხმით იქნა გატანილი დოკუმენტი, დააინიცირა ამ ადამიანმა. წარმოიდგინეთ, 239 წევრი ესწრებოდა ჰააგის წლევანდელ სესიას და მათ შორის, კომიტეტზე, სადაც ეს დოკუმენტი იქნა მხარდაჭერილი, ალბათ, 60-70 ადამიანი ესწრებოდა, ორი წინააღმდეგ იყო, ორმა თავი შეიკავა და ესე გავიდა, დანარჩენებმა არ მიიღეს მონაწილეობა პროცესში, ავტომატურად დაინტეგრირდა ეუთო-ს ჰააგის დეკლარაციაში და მივიღეთ აბსურდი. 57 წევრი სახელმწიფო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, ორი წლის წინ რომ თვითონ დააკვირდა არჩევნებს, კონკურენტულად გამოაცხადა და გაცილებით დადებითი შეფასება გაუკეთა, ვიდრე სომხეთში და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკუთარივე ნაშრომი და ეს ძალიან დიდი დარტყმაა ეუთო-სთვის. მე მაგალითად, სპეციალისტი ვარ საერთაშორისო სამართლის და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი დარტყმაა ეს ეუთო-სთვის, ამ საპარლამენტო ასამბლეის ასეთი პოლიტიზირება“, – განაცხადა ბითაძემ.

მსგავსი