მაია ბითაძე - წლების განმავლობაში ქალაქში ქაოტურმა ურბანულმა განაშენიანებამ მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემები გამოიწვია
მაია ბითაძე - წლების განმავლობაში ქალაქში ქაოტურმა ურბანულმა განაშენიანებამ მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემები გამოიწვია

თბილისში მიწისქვეშა კომუნიკაციები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, პრობლემები განსაკუთრებით გამოიწვია წლების განმავლობაში ქაოტურმა ურბანულმა განაშენიანებამ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინტენსიური მშენებლობების გამო, გრუნტის წყლებმა გამორეცხა ქუჩების ქვედა ნაწილი, ამასთან, ბითაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი არც მიწის საფარსა და არც კომუნიკაციებზე არ მუშაობს.

„თბილისში მიწისქვეშა კომუნიკაციები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ქუჩებს, მხოლოდ გზის საფარის გამოცვლის გარდა, აუცილებლად სჭირდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების სრული რეაბილიტაცია. პრობლემები განსაკუთრებით გაამძაფრა იმან, რომ ქალაქში წლების განმავლობაში ქაოტური ურბანული განაშენიანება მიმდინარეობს. ეს არ ნიშნავს, რომ ვიზუალურად არ მოგვწონს თბილისი. ზედმეტი ინტენსიობა დააწვა კომუნიკაციებს და გრუნტის წყლებმა გამორეცხა ქუჩების ქვედა ნაწილი, იგივე მდგომარეობაა ჭავჭავაძის გამზირზე. მგალობლიშვილის ქუჩასთან დაკავშირებით ვიცით, რომ სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია GWP, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით, ერთ დღეში აღადგინა დაზიანებული მილი და ასფალტის საფარი, მაგრამ ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზის გამო მიმდინარეობს დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც კომპანია გაავრცელებს ინფორმაციას. არც მიწის საფარსა და არც კომუნიკაციებზე მუნიციპალიტეტი არ მუშაობს“, – განაცხადა ბითაძემ.

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც წყალმომარაგების დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები გუშინ დასრულდა, დღეს წყალმა ისევ ამოხეთქა. ჟვანიას მოედანზე, კერძოდ, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის გაჟონვის გამო გზა ორი დღის წინ ჩაინგრა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფებიც.

კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, ავარიული დაზიანების გამო, იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებს წყალმომარაგება 6 ივნისის 08:00 საათამდე შეეზღუდებათ.