მაია ბითაძე - წელს თბილისში გამხმარი ხეების მოჭრას და ახლებით ჩანაცვლებას ვიწყებთ
მაია ბითაძე - წელს თბილისში გამხმარი ხეების მოჭრას და ახლებით ჩანაცვლებას ვიწყებთ

წელს ვიწყებთ ძალიან მასობრივ სანიტარიულ ჭრებს, რომლის ფარგლებშიც გამხმარი ხეების მოჭრა და ახლებით ჩანაცვლება მოგვიწევს, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ხეებთან მიმართებით, თბილისს ძალიან დიდი პრობლემა აქვს. სამწლიანი კვლევების შემდეგ დაიდო საბოლოო დასკვნა, რომ ფერდობების ხელოვნურად განაშენიანებას ეფექტი აღარ აქვს და ყველა ფერდობმა ხმობა დაიწყო. ამიტომ, უნდა მოხდეს ხეების ინტენსიური ჩანაცვლება ფერდობებზე და ლანდშაფტურ სივრცეში“, – განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიას მწვანე სივრცეების შექმნის ძალიან კარგი პროგრამა აქვს.

„მიმდინარე და მომდევნო წელს ძალიან ინტენსიური ღონისძიებები გაიმართება მწვანე საფარის, მათ შორის, ჰიდროთესვისა და სარწყავი სისტემის მოწესრიგების კუთხით და ა.შ.“, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, თბილისის კლიმატი მწვანე საფარის ბუნებრივად წამოსვლის საშუალებას არ იძლევა და ამას ხელშეწყობა სჭირდება.