მაია ბითაძე - თბილისში ქაოტური განაშენიანება შეჩერდება
მაია ბითაძე - თბილისში ქაოტური განაშენიანება შეჩერდება

დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება შეჩერდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც მაია ბითაძემ განმარტა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, ამ მიმართულებით 11 პრობლემური ადგილი გამოვლინდა.

„აუცილებლად შეჩერდება ქაოტური განაშენიანება, თუმცა ამაში არ იგულისხმება ის, რომ შევაჩერებთ მთლიან ბიზნესპროცესებს. რა თქმა უნდა,  ადამიანების საქმიანობას არ შევუზღუდავთ. მშენებლობები განვითარდება ჩარჩო გეგმის კონცეფციის ფარგლებში. შერჩეული იქნა 11 ლოკაცია, რომელიც არის სენსიტიური ამ მიმართულებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მან ქაოტური განაშენიანების მაგალითად დიღომი, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასახელა.

„მაგალითისთვის ავიღოთ დიღომი, ვერავინ გაიგო იქ მაღალი კორპუსები უნდა იყოს თუ დაბალი. მსგავსი ვითარება გვაქვს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ამ ლოკაციებში შედის ლისი, ე.წ. დიღმის ჭალების და სხვა ტერიტორიები“ , – განაცხადა ბითაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც დღეს ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, თბილისს მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად მზად არის.