მაია ბითაძე - თბილისში კოეფიციენტების მატების აკრძალვის რეგულაცია უახლოეს პერიოდში ამოქმედდება 
მაია ბითაძე - თბილისში კოეფიციენტების მატების აკრძალვის რეგულაცია უახლოეს პერიოდში ამოქმედდება 

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე უპრეცედენტოს უწოდებს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღარ მოხდება.

„თბილისში მთლიანად აიკრძალა კოეფიციენტების მატება და ეს რეგულაცია ძალაში შევა უახლოეს მომავალში. არც ერთი კოეფიციენტი არ იქნება მომატებული არც ინდივიდუალურად და არც განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში. ეს იყო მავნე პრაქტიკა, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი ურბანულ დაღუპვამდე მიიყვანა. ის რაც დღეს თბილისში ხდება, გამოწვეულია 2005 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიღებდა და არ ავნებდა თავის დედაქალაქს ისე, როგორც ეს მოხდა თბილისის შემთხვევაში.

კოეფიციენტების გადამეტება თავისი შინაარსით ნიშნავს, რომ სუბიექტი ფულის სანაცვლოდ ყიდულობს მეტი ფართობის აშენების საშუალებას იქ, სადაც ეს არ შეიძლება. ეს არის კოეფიციენტის გადამეტება, რამაც გენერალური გეგმის მუდმივი დარღვევის რეჟიმში ყოფნა და სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია, ასევე – საჯარო სივრცეების შთანთქვა და ის ურბანული ქაოსი, რაც დღეს არავის არ მოგვწონს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კოეფიციენტების მატებასა და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვასთან დაკავშირებული პრაქტიკა.

დატოვე კომენტარი