მაია ბითაძე - ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი რეგისტრაციის ნებართვის აღება იქნება
მაია ბითაძე - ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი რეგისტრაციის ნებართვის აღება იქნება

ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი მოიცავს რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც ტვირთად არ დააწვება ადამიანებს, ვინც დღეს ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ტაქსების სფერო წლების განმავლობაში დაურეგულირებელი იყო.

“ვიწყებთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი მოიცავს რეგისტრაციის ნებართვის აღების ძალიან მარტივ ფორმას, რომელიც ტვირთად არ დააწვება ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. იქნება მოთხოვნა, რომ ჰქონდეთ ტრაფარეტი და  ნებართვა, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. ეს არის საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ჩვენი ავტორობით წარედგინება და გააჩენს სამართლებრივ საფუძველს, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეძლოს შესაბამისი სანებართვო ფორმის დამზადება, სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც კონკრეტულად დროში გაწერს 2018 წლის რომელი თვიდან დაიწყება ტაქსისთვის ნებართვების გაცემა. ეს არის ძალიან მარტივი რეგულაცია, რათა ჩვენ გადავიდეთ ე.წ. M1 კატეგორიის ტაქსის, როგორც სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების რეგულაციაზე, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ჩვენი ქალაქის სახე, რითაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ტურისტებმა, რომლებიც ჩვენს ქალაქში ჩამოდიან, კომფორტულად ისარგებლონ”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იქნება.

რაც შეეხება ნებართვების აღებას, მაია ბითაძე ამბობს, რომ ეს სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

“ეს ბაზარი არ არის არც აღრიცხული, არც დარეგულირებული. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწყვტეს, რომ ამ საქმიანობის გაგრძელება უნდა, მოგვმართოს რეგისტრაციისთვის პირადობის და მართვის მოწმობის წარმოდგენით. მერია გასცემს შესაბამის ნებართვას. პირველ ეტაპზე ამ ადამიანებს მხოლოდ ტრაფარეტის ქონის ვალდებულება ექნებათ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენს. აქ არ არის თანხების გადახდაზე საუბარი. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება ან ამოღება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნება ეს ავტობუსი, მიკროავტობუსი თუ მსუბუქი ავტომობილი, უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული.  მეორე ეტაპზე, რასაც ერთ წლამდე ვადა შეიძლება დასჭირდეს, შევეცდებით ტექნიკური დათვალიერების პარალელურად, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ტაქსით მომსახურება”- განაცხადა ბითაძემ.