მაია ბითაძე - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი ხელახლა განსაზღვრავს ჩვენს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, მზად ვართ, ვიმუშაოთ პარტნიორებთან
მაია ბითაძე - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი ხელახლა განსაზღვრავს ჩვენს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, მზად ვართ, ვიმუშაოთ პარტნიორებთან

კლიმატური ცვლილება უკვე ახდენს გავლენას საქართველოზე, რამაც გამოიწვია ინტენსიური წყალდიდობები, მეწყერები და გვალვები ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, საქართველომ უკვე გააძლიერა კლიმატის ცვლილებების მართვა და ისაუბრა ცვლილებებზე, რაც კანონმდებლობაში ამ მიმართულებით შევიდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი.

„კლიმატური კრიზისის სიმწვავე საჭიროებს ძლიერ ლიდერობასა და თანამშრომლობას, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელ ათწლეულში. კლიმატური ცვლილება უკვე ახდენს გავლენას საქართველოზე. მან გამოიწვია უფრო ხშირი და ინტენსიური წყალდიდობები, მეწყერები და გვალვები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ცვლილებები ემუქრება ჩვენს საზოგადოებას, აზიანებს ინფრასტრუქტურას და საფრთხეს უქმნის ჩვენს გრძელვადიან განვითარებას. ამიტომ საქართველო მისდევს კლიმატის ცვლილების შერბილების, საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარების, ენერგოსისტემის დივერსიფიკაციისა და ადაპტაციის სტრატეგიებში ინვესტიციების მიმართულებას ადამიანებისა და ეკოსისტემების დასაცავად. საქართველომ უკვე გააძლიერა კლიმატის ცვლილებების მართვა.

2024 წელს პარლამენტმა მიიღო ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმა (NECP), რომელიც განსაზღვრავს ემისიების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდას. ჩვენ ასევე განვაახლეთ ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) პარიზის შეთანხმების ფარგლებში და განვსაზღვრეთ ემისიების 47%-ით შემცირების მიზანი 2030 წლისთვის. კლიმატური მდგრადობის გასაძლიერებლად საქართველო ასევე მუშაობს ადაპტაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების, გარემოს დაცვასა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას. პარალელურად, ვავითარებთ ადრეული გაფრთხილების სისტემებს და ვაუმჯობესებთ სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობებს კლიმატურ რისკებზე ეფექტურად რეაგირებისთვის. ჩვენი კლიმატური მიზნების განსახორციელებლად, საქართველო, როგორც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, იღებს მონიტორინგის, ანგარიშგების და ვერიფიკაციის (MRV) კანონმდებლობას და ამუშავებს კლიმატის ცვლილებების შესახებ კანონს. ეს კანონი დააარსებს ეროვნულ ემისიების ვაჭრობის სისტემას (ETS) და მიზნად ისახავს 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევას. ეს საკანონმდებლო ზომები შექმნის მკაფიო ჩარჩოს, როგორც კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ასევე ადაპტაციისთვის. ენერგეტიკული დივერსიფიკაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენი ელექტროენერგიის სისტემა უკვე 80%-ით არის განახლებული. უფრო მდგრადი ენერგეტიკული სისტემის ასაშენებლად, ასევე, ვახორციელებთ ინვესტიციებს მზისა და ქარის ენერგიაში. ახლახან მივიღეთ კანონი ბუნებრივი წყალბადის მოპოვების მხარდასაჭერად, რომელიც შეიძლება იყოს კიდევ ერთი დაბალნახშირბადოვანი ენერგიის წყარო საქართველოს ენერგეტიკულ პორტფოლიოში“, – განაცხადა ბითაძემ.

ამასთან, ბითაძის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი ხელახლა განსაზღვრავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს.

„რეგიონულ დონეზე ისეთი პროექტები, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, ხელახლა განსაზღვრავს ჩვენს გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს. ეს ინიციატივები აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ევროპელ და ცენტრალურაზიელ პარტნიორებთან, ხელს უწყობს სუფთა ელექტროენერგიისა და მწვანე წყალბადის ექსპორტს, აძლიერებს საზღვრისპირა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა გამოწვევებით არის სავსე, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან შერბილებისა და ადაპტაციის ქმედებების გასაძლიერებლად. ჩვენი ძალისხმევა და ვალდებულებები შეესაბამება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელ რეზოლუციას, განსაკუთრებით მის მოწოდებებს კლიმატური ადაპტაციის გაძლიერების, სუფთა ენერგიის დივერსიფიკაციის დაჩქარების, საზღვრისპირა თანამშრომლობის გაძლიერებისა და გრძელვადიანი გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა ბითაძემ.