მაია ბითაძე – საქართველოს აკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, რომელიც ბევრ სახელმწიფოს აქვს კანონმდებლობაში, სხვაგან რაც დემოკრატიულ მედეგობად ფასდება, ჩვენთან განსხვავებულად არის აღწერილი

23:12, 07.07.2026

საქართველოს აკრიტიკებენ, გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო – კანონის, რომელიც ბევრ მონაწილე სახელმწიფოს აქვს თავის კანონმდებლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, იგივე ეხება საზოგადოებრივი წესრიგის ზომებს.

„პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმის, პარლამენტის შენობის დაწვის, პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და საჯარო საკუთრების დაზიანების ფონზე საქართველომ გააძლიერა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამართლებრივი ზომები. იგივე ზომები, რომლებიც გამოიყენება მრავალ მონაწილე სახელმწიფოში,  მათ შორის, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა თუ ნიდერლანდებში, ჩვენთან დემოკრატიულ უკუსვლად განიხილება. ის, რაც სხვაგან დემოკრატიულ მედეგობად ფასდება, ჩვენთან ხშირად განსხვავებულად არის აღწერილი.

საქართველო ინარჩუნებს ძალისხმევას დემოკრატიის, რეფორმის, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი. იმავდროულად, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი მოქალაქეების უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ვინც ფიქრობს, რომ რეზოლუციები ან პოლიტიკური კამპანიები განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, ქართველ ხალხს არასათანადოდ აფასებს.

მსგავსი