მაია ბითაძე – საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, პასუხისმგებლიან პარტნიორად, გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარებისა და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას
საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად, ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
ბითაძის თქმით, ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოების თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას.
„დიდი პატივია, მივმართო კომიტეტს იმ დროს, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული მდგრადობა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მშვიდობისა და უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეუთო-ს რეგიონში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია: რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის გაგრძელება, ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენა და საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემის თანდათანობითი შესუსტება. ეს კრიზისი ჩვენგან მოითხოვს უფრო მეტ საერთაშორისო სოლიდარობასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას და არა დაყოფასა და დაპირისპირებას. ამ კონტექსტში საქართველო კვლავაც ერთგულია, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში. თავისი სტრატეგიული მდებარეობის წყალობით საქართველო იქცა საიმედო ხიდად ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონს შორის. ქვეყანა აძლიერებს კავშირს შუა დერეფნის მეშვეობით და ხელს უწყობს უსაფრთხო სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების განვითარებას. ისეთი პროექტები, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი, მხოლოდ ინფრასტრუქტურული ინიციატივები არ არის. ეს არის სტრატეგიული ინვესტიციები ევროპის გრძელვადიან ენერგეტიკულ დივერსიფიკაციაში, მდგრადობასა და ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა ბითაძემ.
როგორც მაია ბითაძემ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, მაშინ, როდესაც ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.
„კლიმატური მდგრადობის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემის გარეშე. ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ყურადღება სწორედ ამ გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე კვლავ ცდილობს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ზეწოლას ახდენს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენულ დემოკრატიულ არჩევანს. ასეთი მიდგომები არც დემოკრატიას აძლიერებს და არც საერთაშორისო თანამშრომლობას. პირიქით, ისინი ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის, ეუთო-ს მიმართ ნდობას, ზრდის სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმის საფრთხეს საქართველოს მოქალაქეებში იმ ორგანიზაციების მიმართ, რომელთა მისია დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის ხელშეწყობაა. საქართველო კვლავ რჩება კონსტრუქციულ, საიმედო და პასუხისმგებლიან პარტნიორად. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონული დაკავშირებადობის, მდგრადი განვითარების და ევროპის ეკონომიკური გამძლეობის განმტკიცებაში წვლილის შეტანას. ამავე დროს მტკიცედ გვჯერა, რომ ნამდვილი პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოებისადმი თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას“, – განაცხადა ბითაძემ.