მაია ბითაძე - საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობის მიზანია, გახმოვანდეს გზავნილი, როგორი მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ჩვენ გამოცდილებას გავაზიარებთ
საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გახმოვანდეს გზავნილი, რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში და მსოფლიოში, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ დელეგაციას კონკრეტული გზავნილები ექნება როგორც ორმხრივი შეხვედრების, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის დროს.
„მთავარი გამოწვევა, რაც დღეს მსოფლიოს აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის რყევასთან მიმართებით, ჩვენთვისაც ერთ-ერთი გამოწვევაა. ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება იმ გამოცდილების გაზიარება, რაც ქვეყანას რთულ და ტურბულენდურ პერიოდში აქვს“, – აღნიშნა ბითაძემ.
ცნობისთვის, თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონაწილეობს. მასთან ერთად დელეგაციაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე არიან.