მაია ბითაძე - სამწლიანი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ფიჭვების დაავადების პრობლემას მთელი საქართველოსთვის გადაჭრის
მაია ბითაძე - სამწლიანი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ფიჭვების დაავადების პრობლემას მთელი საქართველოსთვის გადაჭრის

სამწლიანი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ საქართველოსთვის გადაჭრის ფიჭვების დაავადების პრობლემას, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მაია ბითაძის თქმით, ფიჭვების დაავადების პრობლემა მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობს.

„მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა და პრობლემა დგას არა მხოლოდ თბილისში, პრაქტიკულად მთელ საქართველოში. ეს დაავადება ოთხმოცდაათიანი წლებიდან გავრცელდა და სამწუხაროდ ხდებოდა არასწორი პრეპარატების გამოყენება, ხდებოდა შეწამვლა სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით, რაც იყო აბსოლუტურად არაეფექტიანი. ჩვენ მთლიანად ვცვლით დამოკიდებულებას და საქართველოსთვის უპრეცედენტო შესყიდვას ვიწყებთ უახლოეს დღეებში, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში სრულად ახლებურ მეთოდებს ამკვიდრებს ფიტოსანიტარული ღონისძიებების კუთხით.

უკვე დაყოფილია მთელი თბილისი ფიჭვების კუთხით რამდენიმე უბნად. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ განვათავსოთ ადგილებზე ფერომონები და ვმართოთ სწორად ეს დაავადება. არსებული დაავადებული ხეები სრულად ამოღებული იქნება გარემოდან, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, დაავადების გავრცელების მარშრუტი დავადგინოთ, რისი რესურსიც სამწუხაროდ ქვეყანას არ აქვს და შემოგვაქვს აბსოლუტურად ახალი მკურნალობის საშუალებები, ეს არის ინექციები, რომელიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა. ვფიქრობ, რომ ის სამწლიანი ღონისძიებები რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ საქართველოსთვის გადაჭრის ამ პრობლემას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქალაქში ფიჭვების დაავადების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე დღეს ისაუბრა. მისი თქმით, ფიჭვების დიდი ნაწილი დაავადებულია და ეს დაავადება გადამდებია, ამიტომ აუცილებელი ხდება ხეების მოჭრა. კახა კალაძემ ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე მოხსენება მერის მოადგილისგან მოისმინა.