მაია ბითაძე - რაჭაში რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია, ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს
მაია ბითაძე - რაჭაში რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია, ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს

რაჭაში ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება, არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძე განაცხადა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც არის ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა.

„ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც ახლობლები დაკარგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ვინც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, გამოჩნდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. დღეს დილიდან როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, ტერიტორია მოინახულეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია. ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ასევე იყო ღვარცოფი, მყინვარების დნობა და მეწყერი. დაახლოებით ორი კილომეტრამდე ტერიტორია ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასით არის დაფარული. ყველამ მოვლენამ ის საგანგაშო მდგომარეობა შექმნა, რასაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა აქტიურად ებრძვის. ვინც გუშინ მთელი დღე ცდილობდა, რომ ეს უდიდესი უბედურება რაღაც პოლიტიკურ აქტივად გადაექცია, არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში. გიორგი ვაშაძეა ის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოს მსგავსი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რათა დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო აღდგენა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონიტორინგის დაკვირვების ქსელის.

„საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს ორი რადარი გვაქვს. არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია. არის კლიმატის ცვლილება. რაჭაში 90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრის გარდა, ასეთი ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა. უნდა გავიაზროთ, რომ გადასული ვართ ახალ ერაში, რაც არის კლიმატის ცვლილება. ამაზე საუბარი დღეს უდროოა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ინსტრუმენტული აღჭურვილობა გვქონდეს პროგნოზირებისთვის. ეს პროგნოზირება გარკვეულ მოვლენებს აზღვევს, მაგრამ არის მოვლენები, როცა მისი დაზღვევა, როგორც მიწისძვრის, პრაქტიკულად შეუძლებელია. სპეციალური გეოლოგიური რუკები არსებობს და გუშინ საუბარი იყო ნებართვების გაცემაზე. როცა კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ეს აბსტრაქცია არ არის და მთელი მსოფლიო არ გაგიჟებულა, რომ მაინც და მაინც კლიმატის ცვლილებას აკავშირებს ეკონომიკას და უსაფრთხოებას. ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები იწვევს ეროზიულ პროცესებს, დათბობას, კლიმატის ცვლილებებს, ქარებს. ბუნება შეიცვალა და ამას უნდა შევეგუოთ. რაჭაში კოტეჯები არის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აშენებული. კოტეჯებზე ნებართვები ძველი გაცემული იყო. სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა ხუთი მოვლენა ერთმანეთს, ამის პროგნოზი შეუძლებელია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ხუთი ბუნებრივი მოვლენა ერთად რომ ამოქმედდებოდა, ეს გამოწვეულია ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან.

„კვლევები მოგვეპოვება, რაც აჩვენებს, რომ მყინვარები ინტენსიურად დნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ვაპირებთ, სახელმწიფოში მომზადებული გეოლოგიური რუკები საფუძვლად დავუდოთ ყველა სამშენებლო ნებართვას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს, იქ, სადაც გეოლოგიური რუკები უკვე არსებობს, ეს საფუძვლად ედება მშენებლობას. ამ ფერდზე, სადაც პროცესები წარიმართა, ხის ჭრის მასიური მოვლენა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.