მაია ბითაძე - ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია არის დემოკრატიის გამოხატულება, მაგრამ აქცია, რომელზეც გვესმის მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე, არის რუსეთის მიზნების პირდაპირი გამოვლინება
მაია ბითაძე - ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია არის დემოკრატიის გამოხატულება, მაგრამ აქცია, რომელზეც გვესმის მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე, არის რუსეთის მიზნების პირდაპირი გამოვლინება

ნებისმიერი აქცია, რომელიც მშვიდობიანია, არის დემოკრატიის გამოხატულება, მაგრამ აქცია, რომელზეც უკვე გვესმის მოსაზრებები და მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე, ეს არის პირდაპირი გამოვლინება ჩვენი მტრის, რუსეთის მიზნების, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით ახალი სტატუსი მიიღო, რაც არის წინ გადადგმული ნაბიჯი, სადაც ერთადერთი განსხვავება, რაც წერია უკრაინასთან დაკავშირებით, ეს არის დეპოლარიზაციის შემცირება.

„დღევანდელი აქცია და ხელისუფლების დამხობის მოტივით მოწოდებები არის პოლარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესს ძალიან აზიანებს. ძვირფასს ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომ ევროკავშირთან ასოცირება არ ნიშნავს ხელისუფლების ლანძღვას, საკუთარი მოსახლეობის შეურაცხყოფას და პროცესის ხელშეშლას. ოპოზიციის ვალდებულებაც არის, ის ვალდებულებები შეასრულოს, რაც ევროკომისიის მიერ გაიცა დ ამაზე მსჯელობა 23-24 ივნისს იქნება“,- განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა თანაბრად არის როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე, ასევე მედია სივრცეზე, რათა სწორად გააშუქონ პროცესები.

„კარგად უნდა წავიკითხოთ, დასკვნაში რა წერია – დეპოლარიზაცია. ეს ცალმხრივად შეუძლებელია. თუ დღევანდელი აქცია მშვიდობიანი იქნება, მაგრამ თუ იმ მოწოდებებს მოვისმენთ, რაც გვესმის, ეს იქნება ძალიან მძიმე ნაბიჯი. შარლ მიშელის მთავარი მოწოდება იყო, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოსულიყო და მათი ნაწილი თვეების განმავლობაში არც შემოდიოდა და არც პროცესში არ მონაწილეობდა.

ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით საქართველო ბევრად წინ არის, ვიდრე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები უკრაინა და მოლდოვა. უნდა შეწყდეს დეპოლარიზაცია, ქვეყანამ ეს პროცესი 90-იან წლებში გაიარა. კარგად გვახსოვს, პოლარიზაციამ რა გამოიწვია. პოლარიზაციას მედია ხელს ნუ შეუწყობთ, პროცესები ობიექტურად გააშუქეთ. დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი თანაბრად წერია სამივე ქვეყნისთვის. ყველა სხვა პუნქტი არის იდენტური. კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური საკითხები უფრო მძიმედ არის იმ რეკომენდაციებში, რომელიც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის გაიცა“,- განაცხადა მაია ბითაძემ.