მაია ბითაძე - მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამართლებრივ ცვლილებებს უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ
მაია ბითაძე - მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამართლებრივ ცვლილებებს უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ

მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამართლებრივ ცვლილებებს უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა. მან მერისგან მთავრობის სხდომაზე მიღებულ დავალებაზე ისაუბრა.

„დღევანდელი მერის დავალება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდეს სამშენებლო საქმიანობის ის მიმართულებები, რომელიც დაკავშირებულია მტვრის ნაწილაკების გაფრქვევასთან, დაკავშირებულია სამ ძირითად მიმართულრბასთან, რაზეც უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ სამართლებრივ ცვლილებებს პარლამენტთან თანამშრომლობით. პირველი ცვლილება, რომელიც მომზადდება, შეეხება კერძოდ სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებას. ყველამ კარგად ვიცით, რომ სამშენებლო მასალის ტრასნპორტირება მტვრის გაფრქვევის ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე ხდება, რაც ქალაქის დამტვერიანებას იწვევს და ეს მტვერი სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მეორე მიმართულება, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ, ეს არის სამშენებლო მოედნებზე დამტვერიანებისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას. მათ შორის, მშრალი მასალისა და ქვის ხერხვის დროს, სველი მეთოდის გამოყენებას, რადგან ძალიან დიდია პროცენტული მაჩვენებელი იმ მტვრის ნაწილაკების წარმოქმნისა, რომელიც დაკავშირებულია სწორედ მასალის მშრალი მეთოდით დამუშავებასთან, რაც ძალიან დიდ დამტვერიანებას იწვევს და გარდა ამისა, ამ დახერხვის დროს წარმოიშვება მოცულობით დიდი მტვერი და განსაკუთრებით, სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მესამე მიმართულება, თვითონ მშენებლობის დროს შესაძლებელია დამატებითი რეგულაციები დაწესდეს დამცავ ბადეებთან მიმართებით. მთლიანი შეფუთვა არ არის აუცილებელი, მაგრამ შეფუთვის მოთხოვნა შეიძლება დადგეს მშენებლობის კუთხეებში, სადაც ქარის შემთხვევაში, დამტვერების პოტენციალი არის ძალიან დიდი მშენებარე ობიექტებიდან. შესაბამისად,ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც ჯანდაცვის, ისე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად, რადგან საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიისთანავე დაიწყოს მსჯელობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.​

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ჰაერის მტვრით დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოქმედ კანონმდებლობაში რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, სამშენებლო მასალის ტრანსპორტირებისა და განთავსების მიმართულებით, ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. კახა კალაძემ მერის მოადგილეებს დაავალა, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები დაამუშაონ და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინონ, რომელიც თანამშრომლობისთვის მზადაა. მისი თქმით, მშენებლობებისგან გამოწვეული მტვერი ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს.