მაია ბითაძე - მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ აგრესიული, მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა, ის გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის ევრობიუროკრატიის
მაია ბითაძე - მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ აგრესიული, მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა, ის გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის ევრობიუროკრატიის

მარგუს ცაჰკნა საქართველოს მიმართ საკმაოდ აგრესიული და მიკერძოებული განცხადებებით გამოირჩევა. მისი განცხადებები ქვეყნის წინააღმდეგ ახალი არ არის, რადგან ეს ადამიანი თავისი პირადი ინტერესებით მოქმედებს, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მარგუს ცაჰკნა გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს.

„ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შორს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვისგან, რაც არაერთხელ ვნახეთ. ეს ადამიანი ცუდ როლს თამაშობს საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ურთიერთობებში. ფაქტია, მისი განცხადებები მიკერძოებული და არადიპლომატიურია. ამასთან, ეს ადამიანი გარკვეული ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, მათ შორის ევრობიუროკრატიის, რომელთა მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო. თვალნათელია და ფარდა არის ახდილი, რა დგას ამ ადამიანის განცხადებების უკან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა: „ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას. ჩემი გზავნილია ქართველი ხალხის მიმართ, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი – იმედი არ დაკარგოთ და შესაბამისად მოიქეცით“.