მაია ბითაძე - ფარული მოსმენა და ჩაწერა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელია, ქვეყანა ამისგან თუ არ გათავისუფლდება, ფუჭია საუბარი ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესზე
მაია ბითაძე - ფარული მოსმენა და ჩაწერა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელია, ქვეყანა ამისგან თუ არ გათავისუფლდება, ფუჭია საუბარი ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესზე

ფარული მოსმენა და ჩაწერა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელია. ქვეყანა ამისგან თუ არ გათავისუფლდება, ფუჭია საუბარი ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესზე, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ბერა ივანიშვილმა ინტერვიუში ახსნა მიზეზები, რის გამოც ეს საუბრები მიმდინარეობდა. როგორ თქვა, იყო ფალსიფიცირებული, გარკვეული ტექნიკური გადაკერებებით. სამწუხაროა, რომ არასრულწლოვანის მოსმენა მიმდინარეობდა, რაც ხაზს უსვამს, რომ ფარული მოსმენა და ჩაწერა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელია. თუ ამისგან ქვეყანა არ გათავისუფლდება, ფუჭია საუბარი ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესზე. ფაქტი არავის უარყვია, ანზორ ჩუბინიძემ ისაუბრა გუშინ, დადაადასტურა, რომ დაცვის უფროსი იყო და დასაცავი სუბიექტისთვის საფრთხის ასაცილებლად გარკვეული ქმედებები განახორციელა, რაც ნორმალურია დაცვის ფარგლებში.

არშემდგარი ძალადობის ტირაჟირება ხდება მაშინ, როცა ჩვენ წლების განმავლობაში მომსწრე ვიყავით რეალური მოცემულობის. ათი ათასობით მოქალაქე გვყავს, ვინც წლების განმავლობაში ძალადობას განიცდიდა. სამწუხაროდ, ოჯახებია, რომელთა შვილები ძალადობას ემსხვერპლნენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენებს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.

„კერძო დაცვის სისტემა უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტის პრევენციას. შესაბამისად, კერძო დაცვის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. ჩვენ არ გვაქვს შემდგარი ძალადობის ფაქტი, თმის ერთი ღერი არ ჩამოვარდნია არავის. შესაბამისად, ვსაუბრობთ იმაზე, რაც არ მომხდარა. მით უმეტეს, ანზორ ჩუბინიძე და ბერა ივანიშვილი ადასტურებენ, რომ ეს ის პერიოდია, როცა ბერა ივანიშვილი იყო არასრულწლოვანი, ანზორ ჩუბინიძე – ოჯახის დაცვის უფროსი. ფარული მოსმენები ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა, მათ შორის არასრულწლოვანთა მიმართ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.