მაია ბითაძე - ევროკავშირის წარმომადგენლის მონაწილეობა პროცესებში, რაც ხელს უწყობს წინასაარჩევნოდ ვითარების ესკალაციას, რადიკალების მხარდაჭერას, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა
ევროკავშირის წარმომადგენლის ნებისმიერი განცხადება და მონაწილეობა იმ პროცესებში, რაც ხელს უწყობს წინასაარჩევნოდ სიტუაციის ესკალაციას, რადიკალების მხარდაჭერას, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, „პირველ რიგში, ეს აზიანებს ევროკავშირის სტატუსს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე“.
„ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატის ქმედებები არასერიოზულია, საერთაშორისო ურთიერთობები ასე არ იმართება. ასე მხოლოდ საბჭოთა კავშირი იქცეოდა, როდესაც რომელიმე წევრ სახელმწიფოს მოსკოვიდან მიღებული დავალებები უპირობოდ და მონურად უნდა შეესრულებინა. ეს ძალიან კარგად მახსოვს. კარგად მახსოვს ისიც, როგორი ურთიერთობები გვქონდა ჩვენ და ევროკავშირს იქამდე, ვიდრე საქართველო დაიწყებდა საკუთარი სუვერენიტეტის სხვა დონეზე დაყენებას. ევროკავშირის წარმომადგენლის ნებისმიერი განცხადება და მონაწილეობა იმ პროცესებში, რაც ხელს უწყობს წინასაარჩევნოდ სიტუაციის ესკალაციას, რადიკალების მხარდაჭერას, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. პირველ რიგში, ეს აზიანებს ევროკავშირის სტატუსს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე, რისი მაგალითებიც უკვე ყოველდღიურად თვალნათელია, თუ უცხოურ მედიას დავაკვირდებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი, კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ“.