მაია ბითაძე - ეუთო/ოდირ-ის არჩევნებზე არდასწრება ხელს არ უშლის არჩევნების სრულფასოვან ჩატარებას, ცესკო-ს რეფორმები მაღალი კვალიფიკაციითაა შეფასებული, მათ შორის ეუთო/ოდირის დასკვნით
პროცედურული თვალსაზრისით, არანაირი ვადა არ არსებობს, როდის უნდა დაპატიჟო დამკვირვებელი. დამკვირვებლების მოწვევა ახლაც მიმდინარეობს, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მიზნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
ბითაძის თქმით, ეუთო/ოდირ-ს მოწვევა თვე-ნახევრით ადრე გაეგზავნათ.
„ვიცოდით, რომ მათ ჩამოსვლა სურდათ, მაგრამ ჩვენი მოლოდინიც გამართლდა, რომ ეუთო/ოდირ-მა თავიდან აირიდა ის პოლიტიკური პროცესი და ე.წ. საერთაშორისო ბულინგი, რაც მანამდე საპარლამენტო არჩევნებზე განხორციელდა. პია კაუმას ვიზიტიც კარგად გვახსოვს, რომელიც დაგეგმილი იყო და საერთაშორისო ზეწოლის გამო გადაიდო. აქ არაფერი მოულოდნელი არ იყო, თუმცა ეუთო/ოდირ-ის არჩევნებზე არდასწრება ხელს არ უშლის არჩევნების სრულფასოვან ჩატარებას. ცესკო-ს მიერ განხორციელებული რეფორმები მაღალი კვალიფიკაციით არის შეფასებული, მათ შორის ეუთო/ოდირ-ის დასკვნით. მთავარია მოსახლეობის ნება, მათი მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა ბითაძემ.