მაია ბითაძე - ეტაპობრივად გადავდივართ თანამედროვე სატრანსპორტო მოდელზე, სადაც სწრაფი და მარტივია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება
მაია ბითაძე - ეტაპობრივად გადავდივართ თანამედროვე სატრანსპორტო მოდელზე, სადაც სწრაფი და მარტივია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება

ჩვენ ეტაპობრივად გადავდივართ თანამედროვე, ევროპულ სატრანსპორტო მოდელზე, სადაც ძალიან სწრაფი და მარტივია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მერია სატრანსპორტო სქემების მთლიანი მოდერნიზაციის პროცესშია, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია ქალაქის განვითარებისთვის.

„კომპანია „სისტრა“ უკვე ასრულებს შუალედურ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უკვე ვახორციელებთ ავტობუსების შეძენას. საუბარია 10 ძირითად დერეფანზე, სადაც 18 და 24 მეტრიან ავტობუსებმა უნდა იაროს. ეს ერთმნიშვნელოვნად გადაჭრის სატრანსპორტო პრობლემებს ჩვენს ქალაქში. იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტები ცალკე ხაზების, საავტობუსე ხაზების თვალსაზრისით. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ჩვენ მიკროავტობუსების კომპანიასთან ვიმყოფებით მოლაპარაკების ეტაპზე, კომპანია ჩვენთან ძალიან კარგად თანამშრომლობს, მათ ესმით, რამდენად აუცილებელია, რომ ჩანაცვლდეს მათი ავტოპარკი და სამარშუტო სქემები. ეს არის ძალიან რთული და უმნიშვნელოვანესი პროცესი. მინდა, ყველა თბილისელმა გაიაზროს, რომ  ეტაპობრივად გადავდივართ თანამედროვე, ევროპულ, სატრანსპორტო მოდელზე, სადაც  სწრაფი და მარტივია გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც არის ნაბიჯი იქითკენ, რომ ეტაპობრივად უარი ვთქვათ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე,“ – განაცხადა მაია ბითაძემ.