მაია ბითაძე – ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მაკისრია, კულტურა ჩვენი ერის თვითმყოფადობის და იდენტობის ნაწილია, ის ენაა, რითაც უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს
კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა. ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობასა და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა, – ამის შესახებ კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, მაია ბითაძემ განაცხადა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, მას დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე კულტურის სფეროს მოღვაწეების წინაშე.
„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა. ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მე მაკისრია როგორც გუნდის, ისე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა არა მხოლოდ შემოქმედება და მემკვიდრეობა, არამედ ჩვენი ერის თვითმყოფადობის და იდენტობის ნაწილია. სწორედ ის ენაა, რითაც უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს. ძალიან დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო მთელ გუნდს, ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც, წლებია, ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. მე ძალიან კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობასა და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა.
სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით და ძალიან დიდი სურვილით, მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი და გული შესტკივა, უყვარს ეს სფერო. იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა“, – განაცხადა ბითაძემ.