მაია ბითაძე - დესტრუქციული ქმედებების მომსწრე ვართ, მათ შორის იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც ვერ გადალახავდნენ ბარიერს, რომ არა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ცვლილებები
მაია ბითაძე - დესტრუქციული ქმედებების მომსწრე ვართ, მათ შორის იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც ვერ გადალახავდნენ ბარიერს, რომ არა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ცვლილებები

დესტრუქციული ქმედებების მომსწრე ვართ, მათ შორის იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც ვერ გადალახავდნენ ბარიერს, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ცვლილებები, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მაია ბითაძე ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებულ არჩევნები გამოაცხადოს არალეგიტიმურად.

მაია ბითაძემ მოქალაქეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„რამდენიმე დღეა პრაქტიკულად უპრეცედენტო რამის მომსწრე ვართ, როდესაც ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებულ არჩევნები გამოაცხადოს არალეგიტიმურად. ამისთვის საათში რამდენიმეჯერ სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ.

ცდილობენ, დესტრუქციული ქმედებებით გამოიწვიონ არეულობა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია, იმ ფონზე, როდესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა ჩვენი პარტნიორი არჩევნებს აცხადებს როგორც კონკურენტულ არჩევნებს. აი, ამ ფონზე  ჩვენ დესტრუქციული ქმედებების მომსწრე ვართ, მათ შორის იმ პარტიების მხრიდან, რომლებიც ვერ გადალახავდნენ ბარიერს იმ ცვლილებების გაუთვალისწინებლად, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოხდა.

მინდა მოვუწოდო როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, „ქართული ოცნების“ თუ ოპოზიციის ამომრჩეველს, რომ დამშვიდდნენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობისადმი მოწოდებას, რომ შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს.

ამასთან, როგორც ბითაძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში ტემპერატურის აწევას ეცდება.

„ტელევიზიებიდან ვისმენთ, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის მხრიდან, რომ არ არის დასავლეთის აზრების მოსმენის დრო. ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ ჩვენ გავართულოთ ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან და ის გეზი, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, რომ 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ოპოზიციისთვის, რომლის გადაფარვასაც ცდილობენ ამ მანიპულაციებით, აჟიოტაჟით და დესტრუქციული ქმედებებით.

ვფიქრობ, ამ რამდენიმე დღეში კიდევ უფრო ეცდებიან, აწიონ ტემპერატურა. ვარწმუნებ მთელ საქართველოს, რომ ეს ყველაფერი არის ინსინუაცია და ძალიან მალე დასრულდება. ვფიქრობ, ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდება თავიანთი ამომრჩევლის მიერ მათთვის მიცემულ მანდატს და ისინი შეასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. მათი ფუნქცია არ არის ყვირილი, მათი ფუნქცია არ არის რევოლიციისკენ მოწოდება, მათი, როგორც არჩეული დეპუტატების, ფუნქცია არის შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში და იმუშაონ იმ პროგრამაზე, რომელიც ერთად მიგვიყვანს საქართველოს წარმატებისკენ.

შესაბამისად, ყველა განცხადება, მცდელობა, მათ შორის ქუჩაში გასვლის და დესტრუქციის, მიმართულია იქითკენ, რომ შეეცადონ სიტუაციის დესტაბილიზაციას, რაც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს საქართველოს მტრებს, მათ შორის რუსეთს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დატოვე კომენტარი