მაია ბითაძე - დედაქალაქის მერიის ინიციატივა ავტოფარეხების იძულებით ჩამორთმევას ან კომპენსაციას არ გულისხმობს
მაია ბითაძე - დედაქალაქის მერიის ინიციატივა ავტოფარეხების იძულებით ჩამორთმევას ან კომპენსაციას არ გულისხმობს

ავტოფარეხების ნებაყოფლობით დათმობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფს ამ ტერიტორიების მოწყობას და მოწესრიგებას. არც კომპენსაციაზე, არც იძულებით ჩამორთმევაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, ავტოფარეხები, რომლებიც როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად პრაქტიკულად ამორტიზებულია, გადაქცეულია სათავსოდ და ავტომობილები გარეთ არის დაყენებული.

„ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიმართა პრაქტიკას, როდესაც მოქალაქეებმა ავტოფარეხები ნებაყოფლობით დათმეს, სანაცვლოდ მიიღეს სპორტული მოედნები, სკვერები. შესაბამისად, ეს პრაქტიკა ძალიან ბევრ სახელმწიფოში, ბევრ ქალაქშია აპრობირებული. ვფიქრობთ, ჩვენი მოქალაქეების თანამონაწილეობით, ამ პრაქტიკას ჩვენც დავნერგავთ და ყველა საცხოვრებელ სახლთან მივიღებთ ისეთ საჯარო სივრცეს,რომლის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა მაია ბითაძემ. 

მისივე თქმით, დღეს ავტოფარეხების 70%-ში ვერ ხერხდება მანქანების დაყენება და ავტომობილების დიდი ნაწილი ავტოფარეხის მიღმა დგას.

ავტოფარეხმა დაკარგა თავისი ფუნქცია. ჩვენი მოწოდებაა, რომ მოსახლეობა გამგეობებთან ერთად აქტიურად ჩაერთოს დაგეგმვაში. აქ არ არის საუბარი ავტოფარეხის იძულებით ჩამორთმევაზე, აქ არის ერთობლივი თანამონაწილეობის იდეა, რომელიც წარმატებულად განხორციელდა ბევრ სახელმწიფოში. იგივე შეიძლება გაკეთდეს თბილისშიც. ავტოფარეხების ნებაყოფლობით დათმობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფს ამ ტერიტორიების მოწყობას და მოწესრიგებას. არც კომპენსაციაზე, არც იძულებით ჩამორთმევაზე საუბარი არ არის. თუ ერთმა დათმო ავტოფარეხი და მეორემ არა, ასე არ გამოდის”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობა შესთავაზა.  მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება.