მაია ბითაძე - ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან, ისინი სადეზინფექციო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ
მაია ბითაძე - ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან, ისინი სადეზინფექციო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მერიის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნულ პროცესში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან. ისინი თბილისს 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით,მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებდნენ. მოირეცხა 70-მდე ქუჩა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები, ველობილიკები, ბაზრები, ბაზრობების ტერიტორიები, მეტროსადგურის ამოსასვლელები, დაახლოებით, 700-მდე გაჩერება და ყველაზე ხალხმრავალი ადგილები, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობდა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილის თქმით, სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაუწია. შესაბამისად, ის უვნებელი იყო როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექციაც ჩატარდა. სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა ტიპის ტრანსპორტი: მუნიციპალური ავტობუსები, მეტროსადგურები, მოძრავი შემადგენლობის ვაგონები, ასევე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის სადგურები და გონდოლები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდებოდა.ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე უფასო სასადილოებში, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღებსა და სახელოვნებო სკოლებში, ასევე თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩატარდა.

დატოვე კომენტარი