მაია ბითაძე - ავტოპარკის განახლების შემდეგ, ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ
მაია ბითაძე - ავტოპარკის განახლების შემდეგ, ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ

დედაქალაქში არსებული ავტოპარკის განახლების შემდეგ, მუნიციპალურ ავტობუსებს ერთდროულად 84 000 მგზავრის გადაყვანა შეეძლებათ, სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მან საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ბითაძის თქმით, დედაქალაქის მერიის მთავარი მიზანი ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებაა.

„წლების განმავლობაში მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. შესაბამისად, ყიდულობდნენ ხელმისაწვდომ, იაფ ავტომობილებს. ჩვენი მუშაობის შედეგად, ვფიქრობ, ორ წელში ის შედეგები გვექნება, რაზეც წლებია ვოცნებობთ. თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფანი არის მთელი ჩვენი ქალაქი. ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენს მთავარ მიზნამდე მიგვიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანი კი ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება და შესაბამისად, ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა, სადაც ქუჩა თანაბრად არის ყველასთვის გადანაწილებული, ტრანსპორტი ლოგიკურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან და ა.შ. რეფორმის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა ავტობუსს შემოვიყვანთ, მათ ერთდროულად, 84 ათასი ადამიანის გადაყვანა შეეძლებათ, რაც ორმაგი რაოდენობაა. სატრანზიტო დერეფნის მოწყობის შემთხვევაში კი მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მერის მოადგილის განმარტებით, ყველა უბანს, მათ შორის თბილისს შემოერთებულ სოფლებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა ექნება. გარდა ამისა, ტრანსპორტის მოლოდინის დრო შემცირდება და საშუალოდ, 7-15 წუთი იქნება.

„ავტობუსები საკუთარ ზოლში ივლიან და მათი სიჩქარე პრაქტიკულად, გაორმაგდება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი აისახება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ის გამონაბოლქვი, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას აზიანებს, იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. „ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა, რომელიც თბილისში დაინერგება, არის იმის პირველწყარო, რომ შუქნიშნებმა ერთმანეთი დაინახონ და ნაკადები ავტომატურად გაატარონ. ასევე, „ჭკვიან“ შუქნიშნებს შეეძლებათ, ავტომობილები გაატარონ, იმ შემთხვევაში, თუ CO-ს გამონაბოლქვი თითოეულ კვანძზე ნორმაზე მაღალი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, ასევე, მნიშვნელოვანია ქუჩების დიზაინის გათვალისწინება.

„თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქაოტურად გადაადგილდება, რისი გამომწვევი მიზეზიც ძალიან მარტივია: ხაზები არის დუბლირებული. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კიკეთში შეიძლება ერთი ავტობუსი დადიოდეს, ან საერთოდ არ დადიოდეს, სამაგიეროდ, რუსთაველის გამზირზე ერთად დადის ექვსი სამარშრუტო ტაქსი, შვიდი ავტობუსი, ერთმანეთს ასწრებენ და მეტროც გადის. შესაბამისად, ის პრობლემები, რასაც დღეს ვაწყდებით, სწორედ დუბლირებული ხაზებით იყო გამოწვეული“, – აღნიშნა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის ძირითად გამზირებსა და ქუჩებზე ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა, რომელზეც 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. გარდა ამისა, დამატებით, განისაზღვრება დასახლებული პუნქტიდან გაჩერებამდე მაქსიმალური დაშორების მანძილები: ძირითად დერეფნებში 400-450 მეტრი, საქალაქო ხაზებთან 300-350 მეტრი, ხოლო საუბნო ხაზებთან 200-250 მეტრი.

დატოვე კომენტარი