მაია ბითაძე - ავტობუსების გაბარიტების გაზრდიდან გამომდინარე, 48 ათასი მგზავრის ნაცვლად, ტრანსპორტი 100 ათას ადამიანს გადაიყვანს
მაია ბითაძე - ავტობუსების გაბარიტების გაზრდიდან გამომდინარე, 48 ათასი მგზავრის ნაცვლად, ტრანსპორტი 100 ათას ადამიანს გადაიყვანს

დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, რომ თბილისში საქალაქო ტრანსპორტის მომსახურების გასაუმჯობესებლად სამუშაოს პირველი, მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულებულია.

„დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ეტაპი, რაც ნიშნავს დერეფნების განსაზღვრას და ამისთვის რამდენიმე ათეული მილიონი გაიხარჯება, რათა საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყოს თავისი ველობილიკებით და ბასლაინებით. დამონტაჟდება ჭკვიანი შუქნიშნები, რომ ავტობუსები დროულად მივიდნენ დანიშნულების ადგილზე. მთლიანად იცვლება ავტოპარკი. დღეს თუ ავტობუსებს აქვთ დღეში 48 ათასი მგზავრის გადაყვანის უნარი, ავტობუსების გაბარიტების გაზრდიდან გამომდინარე, დღეში გადაყვანილი იქნება 100 ათასი მგზავრი. მგზავრებს აღარ მოუწევთ ჭეჭყვაში ყოფნა.

დაახლოებით 35 ქუჩას ვაპროექტებთ, სამუშაოები მიმდინარეობს ოთხ ქუჩაზე, იწყება 25 ქუჩა და გვრჩება 10 ქუჩის პროექტირება, რათა ახალ სამარშრუტო ტაქსებთან და ავტობუსებთან ერთად, გვქონდეს გამართული საგზაო სისტემა.

სამარშუტო სქემები, რომელიც თბილისში მოქმედებს, არ არის ეფექტიანი. უბნები არის, რომლებსაც საერთოდ არ ემსახურება ტრანსპორტი და მოლოდინის რეჟიმი არის ნახევარი საათი, 40 წუთი. ბასლაინები მოეწყობა ყველა ძირითად დერეფანზე. ზოგან მოეწყობა შუაში, ზოგან კიდეებში. მაგალითად, ხიზანიშვილსა და ვეკუაზე იქნება კიდეებში. რუსთაველი ჯერ დაპროექტებული არ არის. ჭავჭავაძეზე უკვე მოდელშია ჩასმული, ორი კვირის წინ გამოიკითხა მოსახლეობა მარშუტებთან დაკავშირებით და ზუსტად ვიცით, რა გაბარიტების ავტობუსები, ველობილიკები და ბასლაინები უნდა მოეწყოს ჭავჭავაძეზე, რომ შეფერხება არ იყოს დამაკავშირებელ ქუჩებთან დაკავშირებით. გაჩერებები იქნება გაცილებით დიდი, რათა დიდმა ავტობუსებმა იარონ. ყველაფერი არის დაპროექტებული, რომ ტროტუარები არ შემცირდეს და წარმატებული პროექტი იქნება, რომელიც საცობებისგან მთლიანად განტვირთავს ჭავჭავაძის გამზირს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მაია ბითაძემ ასევე ისაუბრა ზოგიერთ ქუჩაზე ურნების მიწისქვეშ განთავსებასთან დაკავშირებითაც.

„თბილსერვისი“ არის ჩვენი კომპანია, რომელიც ახორციელებს ნარჩენების მართვას. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეტაპობრივად სეპარირებაზე გადავდივართ. როდესაც მოსახლეობა სახლში დაიწყებს სეპარირებას, მათ უნდა დახვდეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თბილისის ურბანული განაშენიანებიდან გამომდინარე, პრობლემებს ვაწყდებით მიწისზედა ურნებთან დაკავშირებით, რადგან ბევრად მცირე მოცულობის არის. მიწის ქვემოთ გვექნება საშუალება, რომ სამჯერ და ხუთჯერ დიდი მოცულობის ნაგვის ურნები განვათავსოთ. შესაბამისად, ეს იმის წინაპირობა იქნება, რომ ნაგვის მანქანები ივლიან მხოლოდ ღამე და არ იქნება გადავსებული ნაგვის ურნები. ჩვენ ზუსტად გვაქვს განსაზღვრული, თუ რა ტიპის რა ხარისხის ურნები უნდა განთავსდეს მიწის ქვემოთ და ეს პროცესი გაგრძელდება ყველა იმ ქუჩაზე, სადაც მიწისზედა ურნების განთავსება საფეხმავლო გადაადგილებისთვის ქმნის პრობლემებს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.