„მაი ვეი ეარლაინსი“ რუსეთის ავიარეისზე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცესს იწყებს
„მაი ვეი ეარლაინსი“ რუსეთის ავიარეისზე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცესს იწყებს

ქართული ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) რუსეთის ავიარეისზე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცესს იწყებს. დაბრუნება მხოლოდ 8 ივლისის შემდეგ დაგეგმილ ფრენებს შეეხება.

კომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გაგზავნილი შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეზღუდებათ.

„Myway Airlines ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცესს იწყებს. ყველა მგზავრს გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება. მგზავრებს თანხა იმ არხის საშუალებით დაუბრუნდებათ, რისი მეშვეობითაც მოხდა ავიაბილეთების შეძენა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების დაბრუნების პროცედურა შეეხება მხოლოდ 8 ივლისის შემდეგ დაგეგმილ ფრენებს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართულმა მხარემ საქართველოდან რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი უკვე მიიღო.  დოკუმენტის მიხედვით, ქართულ მხარეს ავიასანავიგაციო მომსახურების დავალიანება აქვს. საუბარია კომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების კუთხით დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობაზე.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.