ქართულმა მხარემ საქართველოდან რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი მიიღო
ქართულმა მხარემ საქართველოდან რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი მიიღო

ქართულმა მხარემ საქართველოდან რუსეთში ფრენების აკრძალვაზე ოფიციალური წერილი მიიღო, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოიპოვა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სახელზე გაგზავნილ წერილში ქართული ავიაკომპანიებისთვის 8 ივლისიდან ასამოქმედებელ აკრძალვაზეა საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, ქართულ მხარეს ავიასანავიგაციო მომსახურების დავალიანება აქვს. საუბარია კომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების კუთხით დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობაზე.

წერილს ხელს აწერს რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე იურჩიკი.

დოკუმენტში საუბარია ქართულ მხარესთან კონსულტაციების გამართვის მზადყოფნაზეც.

ამ დროისთვის რუსეთში ფრენებს ორი ქართული ავიაკომპანია ასრულებს – „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საქართველოდან რუსეთში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.