მაჰმუდ აბასმა ახლო მოკავშირე ჰუსეინ ალ-შეიხი თავის მოადგილედ, „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის” ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა თავისი ახლო მოკავშირე ჰუსეინ ალ-შეიხი თავის მოადგილედ – „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა. ეს პოზიცია ორი დღის წინ ყრილობაზე შეიქმნა. ამგვარად, ამ პოზიციაზე დანიშვნით, ალ-შეიხი მაჰმუდ აბასის შესაძლო შემცვლელად მოიაზრება.
1964 წელს შექმნილი „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“ ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე პალესტინურ ფრაქციას აერთიანებს, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ გარდა. მას აქვს დამკვირვებლის სტატუსი გაერო-ში. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციაში დომინანტი პარტია აბასის „ფათჰია“. 64 წლის ჰუსეინ ალ-შეიხი „ფათჰის“ ვეტერანი ლიდერია. 1970-იან წლებსა და 1980-იანების დასაწყისში მან 10 წელზე მეტი ისრაელის ციხეებში გაატარა. 2022 წელს ის გახდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალური მდივანი.
89 წლის მაჰმუდ აბასი „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა“ და პალესტინის ხელისუფლებას 2005 წლიდან, იასირ არაფატის გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობს.