მაჰმუდ აბასის პრესსპიკერი - გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა პალესტინის გამარჯვებაა
მაჰმუდ აბასის პრესსპიკერი - გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა პალესტინის გამარჯვებაა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა პალესტინის გამარჯვებაა – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაჰმუდ აბასის პრესსპიკერმა განაცხადა.

პალესტინის ადმინისტრაცია კენჭისყრის შედეგების მიმართ აღფრთოვანებას არ მალავს.

„კვლავ მივმართავთ ჩვენ ძალისხმევას გაერო-ში და ყველა საერთაშორისო ფორუმზე, რომ დამთავრდეს ოკუპაცია და დაფუძნდეს პალესტინის სახელმწიფო დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში“, – აღნიშნა ნაბილ აბუ რუდაინამ.

ტრამპის 6 დეკემბრის განცხადებამ იერუსალიმში საელჩოს გადატანის შესახებ, ახლო აღმოსავლეთის მიმართ აშშ-ის მრავალწლიანი პოლიტიკა შეცვალა და მუსლიმურ სამყაროში მღელვარება გამოიწვია. ისრაელი იერუსალიმს განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.

პალესტინელებს კი, ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილის სამომავლო სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადება სურთ. იერუსალიმის სტატუსი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მთავარი პრობლემაა. ისრაელის არმიამ აღმოსავლეთ ნაწილი 1967 წლის ომის შემდეგ დაიკავა, თუმცა ქალაქის ამ ნაწილზე ისრაელის უფლებებს საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს და კონფლიქტის გადაწყვეტის გზად ორი სახელმწიფოს პრინციპს მიიჩნევს.

გაერო-მ იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის რეზოლუცია დაამტკიცა.