მაჰმუდ აბასი - ისრაელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის მხოლოდ აგრესია, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ამავე დროს ვგმობთ, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ჩაიდინა
მაჰმუდ აბასი - ისრაელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის მხოლოდ აგრესია, ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ამავე დროს ვგმობთ, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ჩაიდინა

ისრაელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის მხოლოდ აგრესია, ეს არის ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ღაზის სექტორში აკეთებს, გენოციდია.

„დღეს მოგმართავთ თითქმის ორი წლის შემდეგ, რაც ჩვენი პალესტინელი ხალხი ღაზის სექტორში გენოციდის, განადგურების, შიმშილისა და იძულებით გადაადგილების წინაშე დგას. ეს გენოციდი განხორციელდა ისრაელის საოკუპაციო ძალების მიერ, რომლის დროსაც მათ მოკლეს და დაჭრეს 220 000-ზე მეტი პალესტინელი, რომელთა უმეტესობა უიარაღო ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ. ისრაელის მიერ ჩადენილი ქმედება არ არის მხოლოდ აგრესია, ეს არის ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რომელიც დოკუმენტირებულია და ჩაიწერება ისტორიის წიგნებსა და საერთაშორისო სინდისის გვერდებზე, როგორც მე-20 და 21-ე საუკუნეების ჰუმანიტარული ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავი“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

ამავდროულად, აბასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გმობს „ჰამასის“ მიერ ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმას.

„მიუხედავად იმისა, რაც ჩვენმა ხალხმა განიცადა, ჩვენ ვგმობთ იმას, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ჩაიდინა. ისრაელის მოქალაქეების მიზანში ამოღება და მძევლების აყვანა არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და არც მათ სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ დავადასტურეთ და გავაგრძელებთ დადასტურებას, რომ ღაზის სექტორი პალესტინის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენ მზად ვართ, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ იქ მმართველობასა და უსაფრთხოებაზე. „ჰამასს“ და სხვა ფრაქციებს მოუწევთ იარაღის ჩაბარება პალესტინის ეროვნული ხელისუფლებისთვის, როგორც ერთი სახელმწიფოს, ერთი კანონისა და ერთიანი, სამართლებრივი უსაფრთხოების ძალების ინსტიტუტების შექმნის პროცესის ნაწილი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არ გვინდა შეიარაღებული სახელმწიფო. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენი ჭრილობები ღრმაა და ჩვენი უბედურება დიდია“, – განაცხადა მან.

მაჰმუდ აბასმა აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია პალესტინისთვის სოლიდარობის გამოცხადებისა და ანტისემიტიზმის ერთმანეთთან გაიგივება.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით პალესტინისთვის სოლიდარობის გამოცხადებისა და ანტისემიტიზმის საკითხების ერთმანეთში აღრევას, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების საფუძველზე, მშვიდობის საერთაშორისო კონფერენციის შედეგების მისალმების ფარგლებში“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.