მაჰმუდ აბასი - ისრაელი პალესტინის ოკუპაციას ნახევარ საუკუნეზე მეტია აგრძელებს, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მშვიდობის გზით მივაღწევთ
მაჰმუდ აბასი - ისრაელი პალესტინის ოკუპაციას ნახევარ საუკუნეზე მეტია აგრძელებს, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მშვიდობის გზით მივაღწევთ

ისრაელი პალესტინის ოკუპაციას ნახევარ საუკუნეზე მეტია აგრძელებს, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოს მშვიდობის გზით მივაღწევთ, – ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაჰმუდ აბასის თქმით, პალესტინის პარლამენტს სისხლის სამართლის სასამართლოსთან კომუნიკაცია სურს, რომ გამოძიებულ იქნას ისრაელის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევა.

„ისრაელის კანონმდებლობა პალესტინელებს უკრძალავს თვითგამორკვევის უფლებას და ამას მხოლოდ ებრაელებს ანიჭებს ექსკლუზიურად. ეს პალესტინელების დისკრიმინაციაა და თავისი ბუნებით რასისტულია.

ისრაელის კანონი კონფისკაციას უკეთებს პალესტინელების მიწებს და მათ საკუთრებას. ჩვენ ველოდებოდით ტრამპისგან სამშვიდობო ინიციატივებს, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ შოკში ჩაგვაგდო, რაც საელჩოს იერუსალიმში გადატანას უკავშირდება. აშშ-ის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ორი სახელმწიფოს პრინციპს. მათ შეაჩერეს დახმარების პროგრამაც. მე მაინტერესებს რაღა დარჩა სალაპარაკო“, – აღნიშნა პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მაჰმუდ აბასის განცხადებით, პალესტინას სამშვიდობო ინიციატივაზე უარი არასდროს უთქვამს, რადგან მისი ერთადერთი გზა მშვიდობაა. აბასის თქმით, ისრაელი გაეროს არც ერთ რეზოლუციას არ სცემს პატივს და არ ასრულებს.

პალესტინის ლიდერმა აღნიშნა, რომ პალესტინის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმია, რომელიც ოკუპირებულია 1967 წლიდან.

„ისრაელი არის სახელმწიფო საზღვრების გარეშე და ჩვენც იგივეს გვთავაზობენ, მაგრამ ჩვენ გვსურს სახელმწიფო კარგად გამოკვეთილი საზღვრებით. ზოგი ამბობს, რომ ვაღიარებ ისრაელს და არ ვაღიარებ პალესტინას, მაგრამ თქვენ ორივე სახელმწიფო უნდა აღიაროთ. მადლობა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მაგრამ არ გვინდა ასეთი დახმარება, თუ არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტა. 13 მილიონ პალესტინელს უნდა ჰქონდეს თვითგამორკვევის უფლება. არასდროს დაუჭერთ მხარს ერთის სახელმწიფოს აგრესიას მეორეს წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, გვაღიარებს თუ არ ეს ქვეყანა“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.